"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ბოდბეში კომპანიის Farmway Technologies Inc-ის ნუშის ბაღი დაათვალიერა.
„კაკლოვანი კულტურები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. მოვინახულეთ 220 ჰა-ზე გაშენებული ნუშის ბაღი, რომელიც კერძო ინვესტიციის შედეგად შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის განხორციელებაში სახელმწიფოს მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სახელმწიფო ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სოფლის მეურნეობაში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და აგროსექტორის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, Farmway Technologies Inc-მ საქართველოში უკვე განახორციელა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ეტაპზე იგეგმება ინვესტიციების გაფართოება 100 მილიონ აშშ დოლარამდე. ამჟამად, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნუშის ბაღები 220 ჰექტარზეა გაშენებული. ახალი პროექტების ფარგლებში კი, ნუშის ბაღების ფართობი 500 ჰექტარამდე გაიზრდება. დამატებით, კომპანიას დაგეგმილი აქვს ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა (ნუშის რძის ფხვნილი, ზეთი, ექსტრაქტები), ასევე, ცივი საწყობებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.
Farmway Technologies Inc-ი აშშ-ში დაფუძნებული ფინტეკ კომპანიაა, რომელიც აგრარულ მეურნეობებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - აშშ-ში, ინდოეთში, ვიეტნამსა და შრი-ლანკაში.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 1.3 მლნ დოლარის ღირებულების ნუში.




























