ხელისუფლება მთლიანად, მათ შორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გახდება პასუხისმგებელი იმაზე, რომ რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ლოგიკური, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გასაგები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ და ამ პრინციპით იქნება ის გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება განსახილველად წარმოდგენილი, - ამის შესახებ განცხადება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, სადაც კომიტეტის მიერ სამომავლოდ განსახილველ საკითხებზე ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.
„მოკლედ ვიტყვი რას ეფუძნება სამომავლოდ ჩვენი ხედვა კომიტეტის პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაკეთდა ეკონომიკასთან დაკავშირებით და იყო ხოლმე ჩამოთვლილი ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა კონცენტრირდეს მსოფლიო, ბოლოს მთავრდებოდა ასეთი შეგონებით, რომ არ დაგავიწყდეთ, გამომწვევი ამ ყველაფრის არის კორონავირუსი, ანუ ის არის ნომერ პირველი პრობლემა. ცხადია, ჩვენ როდესაც დღევანდელ მოცემულობებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის კომიტეტი ამ პერიოდში იყო იმ რეჟიმში, რომელშიც უნდა ყოფილიყო - ჩვენ ველოდებით იმ მთავარ ციფრს, რომლის გარეშეც რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ღიად ვერ ვისაუბრებთ, რადგან აქ არ შეიძლება ერთი აუწონავი ნაბიჯი იქნას გადადგმული. ამ ციფრში საგარეო დახმარებას მნიშვნელოვანი ნიშა უჭირავს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, ყველა ამბობს, რომ მთავარია ბალანსის დაჭერა და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ამ ბალანსზე. ამასთან, კაკულიას თქმით, დღეს, როდესაც ლაპარაკობენ, როგორი იქნება კორონას შემდეგ მსოფლიო, ყველა ამბობს ერთ რამეს - აღარ იარსებებს ამ ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც იქნება გულგრილი რესურსების განაწილების პრინციპებისადმი.
„ჩვენი მთავრობისაც და ყველა სხვა მთავრობის პასუხისმგებლობა გახდება რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ლოგიკური საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გასაგები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ და ამ პრინციპით წარმოდგება ის გეგმა რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ჩვენთან განსახილველი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.




























