მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

607304a675a09
BM.GE
11.04.21 18:14
759
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და ფონდ „ქართუს“.

„ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ თბილისის გამწვანების მიმართულებით- სკვერების, პარკების მშენებლობა და განახლება-რეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ცენტრალური პარკი. ეს იყო კერძო საკუთრება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებსაც ასევე აწარმოებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის „ჩაბეტონება“ და სარესტორნო სივრცეების მოწყობა. კახა კალაძის განმარტებით, პარკი მიმზიდველი და საინტერესო იქნება ყველა ინტერესისა და საჭიროების მქონე ადამიანისთვის.

„კონცეფცია მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს ერთი დიდი სივრცე ისე დაიყოს, ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე და მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არასდროს არავისთვის დაგვიხურავს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვეთანამშრომლოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ამისთვის შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, მსურველებს შევხვდებით, გვექნება პროექტების განხილვები, საზოგადოებასაც წარვუდგენთ ზუსტად იმას, თუ რისი გაკეთება იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები