მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც ჩვენი საერთო სულისკვეთებაა - საქართველოს მომავალი არის ევროპა

ფეხბურთი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს არაერთი ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა "რუსული კანონის" განხილვას. მათი განცხადებით, საქართველოს გზა ევროპაშია.

შეგახსენებთ, "ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები