მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძის თქმით, მთავარი ნაძვის ხე შაბათს აინთება, თუმცა რუსთაველზე ილუმინაციების მონტაჟი მოგვიანებით დაიწყება

ქართული ოცნება

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება. მისივე თქმით, შაბათს მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე ილუმინაციების მონტაჟი ცოტა მოგვიანებით დაიწყება.

„როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა; სადაც პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება ამისთვის შექმნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე მტკიცებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და განვითარება.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. გელოდებით ყველას შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. რაც მთავარია, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, უკვე 15 დღეა რაც რუსთაველის გამზირზე საღამოობით პროევროპული აქციები იმართება. მოქალაქეები "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებასთან დაკავშირებით. მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, დედაქალაქის მთავრობამ მაინც გადაწყვიტა, რომ ნაძვის ხე პარლამენტთან დაედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები