მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არ იქნება არანაირი ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. თქვენ იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა
დედაქალაქის მერმა.
დღეს საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო რელიგია არ არსებობს, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან მეოთხე სწორედ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაა. 29 აგვისტოს, ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად შეიკრიბნენ.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.