მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძის თქმით, სუს-ის თანახმად, "რისკები დღესაც არსებობს", მაგრამ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება მაინც გაიმართება

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სუს-ის განცხადების მიუხედავად, ხვალ, 14 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხის ანთებას მაინც აპირებს და თან ღონისძიებაზე მოქალაქეებს და ბავშვებს ეპატიჟება. პროევროპული აქციების პარალელურად პარლამენტის წინ აწყობილი ნაძვის ხის ანთება ხვალ, 19:00 საათზე იგეგმება.

კალაძე ამბობს, რომ სუს-ის განცხადების თანახმად, მართალია რისკები დღესაც არსებობს, მაგრამ სადღესასწაულო ღონისძიება მაინც გაიმართება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება უკავშირდებოდა იმ ძალადობრივ აქციებს, რომელსაც ქალაქის ქუჩებში ვხედავდით. რა თქმა უნდა, ეს რისკები არსებობდა და დღესაც არსებობს, როდესაც ვისმენთ ისეთი ტიპის განცხადებებს, რომ „ვიღაც უნდა დაიღუპოს“, „საჭიროა ერთი გვამი“ და ა.შ. რაც შეეხება მერიის ღონისძიებას, ეს არის სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დილის იმ აქციასთან, რომელიც არის დაანონსებული. ღონისძიება გაიმართება საღამოს 7 საათზე. ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია, მობრძანდეს და ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე, ჩავიფიქროთ ჩვენი ქვეყნის წარმატებები, გამარჯვებები და მშვიდობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შექმნას შესაბამისი განწყობა.

„არაერთი განმარტება გავაკეთეთ ახალ წელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი პატარები განსაკუთრებით ელოდებიან. მოვუწოდეთ ყველას, მობრძანდნენ შვილებით, შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელს“, თბილისის მერის თქმით, მისი გახსნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები