კაია კალასის თქმით, ევროპის სპეციალური საბჭო მუშაობს ინიციატივაზე, რომლითაც ერთ ქვეყანას საერთო გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადება აღარ შეეძლება - ამის შესახებ EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინის დახმარებისა და უნგრეთის მიერ ვეტოს გამოყენების კონტექსტში ისაუბრა.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უკრაინის დახმარებას ორი მიმართულებით განიხილავს, საბრძოლო მასალების მიწოდებისა და ფინანსური დახმარების კუთხით.
"[უნგრეთის ვეტო] სიტუაციას უფრო და უფრო ართულებს. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას "მსურველთა კოალიცია", რათა ერთმა სახელმწიფომ ყველა სხვის დაბლოკვა ვეღარ შეძლოს.
უნგრეთის სახელით არ ვისაუბრებ. ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ 27 ქვეყნის ერთობა გვქონდეს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია, თავისი სახელით ისაუბროს", - განაცხადა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინის დახმარების €20-მილიარდიან პაკეტს ვეტო 4 მარტს დაადო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ უკრაინა უნგრეთში იმპორტულ რუსულ გაზს საკუთარ ტერიტორიაზე აღარ ატარებს.