მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე ჩქაროსნული მატარებელი შეიქმნება

64afea0e9f1e2
სალომე ხიდურელი
13.07.23 16:26
2845
ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის ფარგლებში, რომელსაც კალიფორნიელები რამდენიმე წელია ელიან, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე პირველი მატარებელი გაეშვება. ინფორმაციას Euronews-ი კალიფორნიის ჩქაროსნული რკინიგზის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული სარკინიგზო სისტემა კალიფორნიის შტატში 1287.5 კმ-იან მონაკვეთს ფარავს და ილონ მასკის მიერ “ყველაზე ძვირადღირებულ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნელ ჩქაროსნულ მატარებლადაა” შეფასებული.

აღნიშნული პროექტი ახალი რევოლუციური სატრანსპორტო სისტემის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, რომელიც აშშ-ს დასავლეთ ნაწილს კანადასთან დააკავშირებდა. პროექტს ამერიკის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენიც უჭერდნენ მხარს.

პროექტი პირველად 2008 წელს დადასტურდა და მისი საწყისი ღირებულება $33 მილიარდი იყო, გახსნის თარიღად კი 2020 წელი სახელდებოდა. თუმცა 2023 წლისთვის სარკინიგზო სისტემა დასრულებულთან ახლოსაც არ არის, მასზე კი $19.8 მლრდ უკვე დაიხარჯა.

გასულ კვირას, პროექტის დადასტურებიდან 15 წლის შემდეგ, კალიფორნიის ჩქაროსნული რკინიგზის ადმინისტრაციის წევრმა განაცხადა, რომ ახალი სარკინიგზო სისტემა და მატარებელი სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე იქნება და ფრენებისა და ავტომობილების ეკო-მეგობრული ალტერნატივა გახდება.

მსგავსი მასშტაბის მატარებლის დასამუხტად, დაახლოებით 224 ჰექტარზე დამონტაჟებული მზის პანელებია საჭირო, რომელთაგანაც თითოეული 44 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. რკინიგზის ადმინისტრაციის დირექტორის თქმით, მოლაპარაკებები განახლებადი ენერგიის მომწოდებლებთან უკვე დაწყებულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დასრულდება სარკინიგზო სისტემის მშენებლობა და როდის გამოჩნდება კალიფორნიაში პირველი მატარებელი, რომელიც სრულად განახლებად ენერგიაზე იმუშავებს, თუმცა პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო სისტემა 2030 წლისთვის დასრულდება.

ცნობისთვის, განახლებად ენერგიებზე მომუშავე მატარებლები მსოფლიოში პირველად 2019 წელს არგენტინასა და ავსტრალიაში გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები