კალიფორნია კატასტროფულ ხანძრებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, მასშტაბურ სტიქიას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ცეცხლის ალმა ათასობით შენობა გაანადგურა და 80 ათას ადამიანს ევაკუაცია აიძულა. უშუალოდ ცეცხლის გარდა, პრობლემაა კვამლი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ყოფნას გაუსაძლისს ხდის.
კალიფორნიისთვის ხანძრების პრობლემა ახალი არაა, პირიქით - ამ ტიპის სტიქიას აშშ-ის უმდიდრესი შტატი ფაქტობრივად ყოველწლიურად ებრძვის. წლევანდელი სტიქიური უბედურების ზარალი, ამ დროისთვის, $57 მილიარდადაა შეფასებული.
ბუნებრივი კატაკლიზმის ფონზე, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადის ბოლო საგარეო ვიზიტი გააუქმა და იტალიაში გამგზავრების ნაცვლად, მშობლიურ ქვეყანაში დარჩენა არჩია. იტალიური ვოიაჟის დროს, ჯო ბაიდენი, რომელიც კათოლიკეა, რომის პაპ ფრანცისკეს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის უნდა შეხვედროდა.
საინტერესოა, რომ ადრე, ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის სხვა პრეზიდენტებმაც მიიღეს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდონეზიაში და ავსტრალიაში 2010 წლის ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც Deepwater Horizon-ის სახელით ცნობილი ისტორიაში ყველაზე ღრმა სანავთო ჭაბურღილმა გაჟონა, რის გამოც მექსიკის ყურეში დიდი მოცულობით ნავთობი ჩაიღვარა. საგარეო ვიზიტი ბარაკ ობამას სხვა დროსაც გაუუქმებია, როცა სანაცვლოდ, კონგრესში მოსალაპარაკებლად წავიდა.