პლანეტის მასშტაბით, ქალები მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და ყველაფერში დიდი წვლილიც შეაქვთ. დაბრკოლებების, არათანაბარი საწყისი პირობებისა და ხშირად ხელოვნურად შექმნილ უთანასწორო პირობებშიც კი, ქალები მაინც ახერხებენ და დიდ წარმატებას აღწევენ, თანაც აბსოლუტურად ყველა სფეროში.
დღეს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს წარმოგიდგენთ - სიას, რომელშიც ისეთი ქალები შევიყვანეთ, რომელთა გავლენა, ჩვენი აზრით, კონკრეტულ ინდუსტრიას სცდება და ქვეყანას და პლანეტარული მასშტაბს იტევს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი
პირველი ქალი, რომლის შესახებ დღეს მოგიყვებით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენია. ამ თანამდებობაზე, პოლიტიკოსი 2019 წელს დაინიშნა, ხოლო მანამდე, ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის - გერმანიის ხელისუფლებაში მუშაობდა და მაქსიმალური წოდება, რომელიც ანგელა მერკელის კაბინეტში ეკავა - თავდაცვის მინისტრი იყო. ანგელა მერკელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ პენსიაზე გავიდა, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო გლობალურ პოლიტიკაში, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენი მის ერთგვარ პროტეჟედ ითვლება. თავად ამ ფაქტს კი ის ამყარებს, რომ ფონ დერ ლაიენი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ანგელა მერკელის კაბინეტის შეუცვლელი წევრი იყო.
რატომ შევიყვანეთ ურსულა ფონ დერ ლაიენი ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, რადგან ეს გერმანელი პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გაერთიანებას - ევროკავშირს მართავს, რომლის ტერიტორიაზე 450 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვინც, თავის წილ, $19-ტრილიონიან ეკონომიკას ქმნიან. თუმცა ამ ყველაფრის გარდა, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმატების სიმბოლოდაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან დიდებული პოლიტიკური კარიერის პარალელურად, გერმანელმა პოლიტიკოსმა შვიდი შვილიც აღზარდა, ხოლო დედობა, მოგეხსენებათ, სრულგანაკვეთიანი პროფესიაა.
კრისტინ ლაგარდი - ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი
კიდევ ერთი გავლენიანი ქალი, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით, ევროპის ცენტრალური ბანკის, ანუ ევროკავშირის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდია, რომელიც წლებია, რაც საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებს. 68 წლის ლაგარდმა განათლება პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში მიიღო, მაგრამ ის მეორე აკადემიურ ხარისხსაც ფლობს ექს-ან-პროვანსის უნივერსიტეტიდან.
ECB-ის გარდა, 2011-დან 2019 წლამდე პერიოდში ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი იყო. IMF-დან ECB-ის ხელმძღვანელობაში გადასვლით კი ლაგარდმა, შეიძლება ითქვას, რომ კარიერულ პიკს მიაღწია, რადგან ამ მიმართულებით მეტის მიღწევა, უბრალოდ წარმოუდგენელია.
მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტების მართვის გარდა, კრისტინ ლაგარდს ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებაც აქვს. 2005-დან 2011 წლამდე პერიოდში ის საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო.
ამ საოცარი მიღწევების წყალობით, უკვე წლებია, რაც კრისტინ ლაგარდი Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების წამყვან სამეულში ხვდება.
კამალა ჰარისი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
კიდევ ერთი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მოხვდა - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისია, რომლის გავლენას, გარკვეულწილად, სწორედ ეს თანამდებობა განაპირობებს, რადგან აშშ - მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ზესახელმწიფოა, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტი, რეალურად, ძალიან ბევრს წყვეტს.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, კამალა ჰარისი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ეს კი ყველაზე მაღალი თანამდებობაა, რომელიც ქალს ოდესმე მიუღია ამერიკულ პოლიტიკაში. ამასთან, ის პირველი აფროამერიკელი და აზიური გენეტიკის მქონე ვიცე-პრეზიდენტია ამერიკის რამდენიმესაუკუნოვან ისტორიაში.
აღნიშნულ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას, ცხადია, კამალა ჰარისმა დიდი შრომით მიაღწია. წლებია, რაც ის ამერიკულ პოლიტიკაშია, მაგრამ ამ დრომდე, მისი მასშტაბი, ძირითადად, კალიფორნიით შემოიფარგლებოდა, სადაც ის ჯერ მთავარი პროკურორის, შემდეგ კი სენატორის როლს ასრულებდა. კალიფორნია, ცხადია, ამერიკის ერთ-ერთი შტატია, მაგრამ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი $3.6 ტრილიონია, ანუ კალიფორნია რომ ქვეყანა იყოს, უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე, მაგალითად, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო ან თუნდაც, რუსეთი.
ჯანეტ იელენი - აშშ-ის ხაზინადარი
კიდევ ერთი ამერიკელი ქალი, რომელიც დღეს ამ სიაში აღმოჩნდა, ჯანეტ იელენია. ის ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რადგან ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ანუ იელენი ამერიკის ფინანსთა მინისტრია.
2014-დან 2018 წლამდე ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი იყო, ანუ პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტის, რომელიც საფონდო ბირჟებით დაწყებული, ქვეყნის ეკონომიკით დამთავრებული - ყველაფრის ბედ-იღბალს წყვეტს. თუმცა, FED-ის ხელმძღვანელობის გარდა, ჯანეტ იელენი ასევე იყო სან-ფრანცისკოს ფედერალური ბანკის პრეზიდენტი და ქვეყნის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.
ჯანეტ იელენის კარიერულ მიღწევებზე არანაკლებ შთამბეჭდავი მისი განათლებაა. ბაკალავრის ხარისხი მან ბრაუნის უნივერსიტეტში მიიღო. მაგისტრის და დოქტორის ხარისხები ეკონომიკაში კი იელის უნივერსიტეტში მოიპოვა. გარდა ამისა, ის ლექციებს კითხულობს ჰარვარდის და ბერკლის უნივერსიტეტებში.
ტეილორ სვიფტი - მუსიკოსი
ყველაზე გავლენიანი ქალების სია, ცხადია, არასრულყოფილი იქნებოდა, მასში გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის ახალი სენსაცია, პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი რომ არ მოხვედრილიყო, რადგან ამ 34 წლის მუსიკოსმა დაიპყრო ყველა მწვერვალი, რომლის დაპყრობაც მუსიკაში შეიძლება. ტეილორ სვიფტს ეკუთვნის რეკორდი ყველაზე მეტი საუკეთესო ალბომისთვის - ამ კატეგორიაში ამერიკელმა მუსიკოსმა ოთხი გრემი მოიგო. ამასთან, ის ყველაზე ტიტულიანი მუსიკოსია, როგორც American Music Awards-ის, ასევე Billboard-ისა და MTV-ის შეფასებით.
თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ის გავლენაა, რომელიც ტეილორ სვიფტს მუსიკის მოყვარულებზე აქვს. Spotify-ის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტს 105.5 მილიონი ყოველთვიური მსმენელი ჰყავს, ხოლო მისი კონცერტის ბილეთები იყიდება არა წუთებში, არამედ წამებში. კონცერტების გახსენებისას კი, გვერდს ვერ ავუვლით ტეილორ სვიფტის “ერას ტურნეს”, რომლის ფარგლებში მუსიკოსმა 152 კონცერტი ჩაატარა დედამიწის ხუთ კონტინენტზე. ამ ტურნემ ამ დრომდე არნახული შემოსავალი დააგენერირა, ხოლო თავად მუსიკოსს - კაცობრიობის უპირობო სიყვარული და მილიარდერის სტატუსი მოუპოვა, თანაც 34 წლის ასაკში.
ფრანსუაზ ბეტაკურ მეიერსი - L'Oreal-ის ვიცე-თავმჯდომარე
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფრანსუაზ ბეტაკურ მეიერსი, რომელიც ფრანგული გიგანტის, L’Oreal-ის უმსხვილესი აქციონერია. Bloomberg-ის შეფასებით, მეიერსის ქონება 98 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს, ქალების რეიტინგში კი - პირველ ადგილზეა.
70 წლის ბიზნესვუმენის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, რადგან ის საჯარო ცხოვრებას და კამერებს ერიდება. თავად მისი ქონება მემკვიდრეობასთანაა დაკავშირებული. ის ეჟენ შიულეს, ანუ L’Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილია, თუმცა ფაქტია, რომ ის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.