მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„კამიტის“ გამოყენების ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, თემა დახურულია - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, უტყუარად დადასტურდა, რომ შსს-ს „კამიტი“ საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აქციების დროს პოლიციის მიერ "კამიტის" შესაძლო გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. როგორც უწყებაში დღეს განაცხადეს, შსს-ს "კამიტი" არასდროს შეუძენია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში აქციებზე გამოყენებული ნივთიერება იყო "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი. სუს-ის თანახმად, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.

„ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ „ჩვეული ეჭვმიტანილები“, ანუ უცხოური აგენტურა რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური NGO-ებისა და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და ცრუ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოეწვიათ.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ, დადასტურებულად ტყუილ ბრალდებას შეიცავდა, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე ბრალდება აკრძალული ქიმიური ნივთიერება - „კამიტის“ თითქოსდა გამოყენებას უკავშირდებოდა. ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია,“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, BBC-ის რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება.

„რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ბრალდებებს: რეპორტაჟში მტკიცებითი ფორმით არის ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, „ქართული ოცნება“ კი არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ დაწვეს მათ პარლამენტის შენობის ნაწილი, როგორ დაამტვრიეს და გაანადგურეს დედაქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როგორ დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“, როგორ ესროდნენ პოლიციელებს დამიზნებით სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი დამატებით ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ერთი, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება უტყუარად, მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული. სიცრუეზე აგებული ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება“ სრულდება კიდევ ერთი ცხადი ტყუილით, რომ, თითქოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

“ამრიგად, რადგან ე.წ. „კამიტის“ და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

დასასრულს, მადლობას გადავუხდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს, რომელმაც სიცრუით გაჯერებულ რეპორტაჟში წამოყენებული საკითხების უსწრაფესად გამოძიება უზრუნველყო. აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, არ დაუშვებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ აგენტურას მისცეს შესაძლებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნან და სახელმწიფოებრივი ინტერესები დააზიანონ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები