მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა "მშვიდობის საბჭოს" წევრი ვეღარ გახდება - ტრამპმა კარნის მოწვევა გაუუქმა

დონალდ ტრამპი და მარკ კარნი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ დაფუძნებულ “მშვიდობის საბჭოში” წევრობის მოწვევა კანადას პრემიერ მარკ კარნის გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ოტავას ტრამპის მოწვევის საკითხზე საბოლოო პოზიცია ჯერ დაფიქსირებული არ ჰქონდა და იმ 10-მდე ქვეყანას შორის რჩებოდა, რომლებმაც გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო ითხოვეს. როგორც ირკვევა, ტრამპმა მოწვევა მას შემდეგ გააუქმა, რაც შეიტყო, რომ კანადის ლიდერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკის სატარიფო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. როგორც ტრამპმა მედიას განუცხადა, კანადას “არ უნდა დაავიწყდეს”, რომ დღემდე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებით მოვიდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭო” ოფიციალურად 22 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დააფუძნა. მის წევრობაზე თანხმობა 23-მა ქვეყანამ გამოაცხადა, საიდანაც 19-მა, მათ შორის სომხეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა თანხმობა ოფიციალური ხელმოწერითაც დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთგვარ კონკურენტად შექმნილ ახალ საბჭოში არ იქნებიან დიდი შვიდეულის თითქმის არცერთი წევრი ქვეყანა. იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მონაწილეობაზე უარი უკვე ოფიციალურად თქვეს. კანადის საკითხი თავად ტრამპმა გადაწყვიტა, იაპონიის პოზიცია კი, სავარაუდოდ, იქამდე ვერ გახდება ცნობილი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დასრულდება.

იმ საბჭოს მიზანი, რომლის წევრობაც ყოველწლიურად ქვეყნებს $1 მილიარდი დაუჯდებათ, საწყის ეტაპზე ისრაელ-ჰამასს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების მეორე ეტაპის განხორციელება იქნება. იგულისხმება ღაზას სექტორის დემილიტარიზება და სრული რეკონსტრუქცია. შემდგომ ეტაპზე კი “მშვიდობის საბჭო” მსოფლიოში ომების დასრულებაზე, ახალი კონფლიქტების აღკვეთასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იზრუნებს. დეტალურ ინფორმაციას მისი მიზნებისა და წევრების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები