აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით მსოფლიო ლიდერი მიიწვია "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივაში, რომლის მიზანიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებაა, თუმცა დიპლომატები აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გაეროს მუშაობას.
მაშინ, როცა აშშ-ის ზოგიერთი ტრადიციული მოკავშირე ფრთხილად რეაგირებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, უარს ამბობს ტრამპის შეთავაზებაზე, სხვებმა, მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, რომლებსაც ვაშინგტონთან დიდი ხნის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, მიწვევა მიიღეს.
რა არის ტრამპის "მშვიდობის საბჭო"?
ტრამპმა "მშვიდობის საბჭოს" იდეა პირველად გასულ სექტემბერს, ღაზის ომის დასრულების გეგმის გამოცხადებისას წამოაყენა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ საბჭოს მანდატი ღაზის ფარგლებს გასცდებოდა და მსოფლიოს სხვა კონფლიქტებსაც მოიცავდა.
Reuters-ის მიერ მოპოვებული წესდების პროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და მისი მიზანი მსოფლიოში "მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების მოგვარებაა". წევრ ქვეყნებს სამწლიანი ვადა ექნებათ, თუ ისინი საბჭოს საქმიანობის დასაფინანსებლად 1 მილიარდ დოლარს არ გადაიხდიან და მუდმივ წევრობას არ მოიპოვებენ.
თეთრმა სახლმა ინიციატივის დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭოს წევრებად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი დაასახელა.
რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ტრამპის მიწვევა?
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, გაგზავნილი 50-მდე მოსაწვევიდან "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მზადყოფნა 21 იანვრისთვის 35-მა მსოფლიო ლიდერმა გამოთქვა.
მათ შორის არიან ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები: ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, იორდანია, კატარი და ეგვიპტე. მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს ნატოს წევრებმა - თურქეთმა და უნგრეთმაც, რომელთა ლიდერებსაც ტრამპთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ. სიაში ასევე არიან: მაროკო, პაკისტანი, ინდონეზია, კოსოვო, უზბეკეთი, ყაზახეთი, პარაგვაი და ვიეტნამი.
მიწვევა მიიღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც, რომლებმაც გასულ აგვისტოს, თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ტრამპისგან მოწვევა არ მიუღია.
უფრო საკამათოა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თანხმობა, რომელსაც დასავლეთი, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, დიდ ხანს რიყავდა. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და მინსკს შორის ურთიერთობების ფართო დათბობის ფონზე მიიღეს.
რუსეთს, რომელთანაც ვაშინგტონის "გაყინული" ურთიერთობები ასევე გაუმჯობესდა, ჯერ არ უთქვამს, შეუერთდება თუ არა საბჭოს. პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ჩინეთს, რომელსაც ტრამპთან ხშირად დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა ახლახან სავაჭრო ზავი გააფორმა. რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან (ვეტოს უფლებით), ამიტომ ისინი ფრთხილად მოეკიდებიან ნებისმიერ ინიციატივას, რომელმაც შესაძლოა, საერთაშორისო ორგანოში მათი გავლენა შეასუსტოს.
ტრამპმა, რომელიც გაეროს არაეფექტიანობის გამო ხშირად აკრიტიკებს, ამ კვირაში უარყო მოსაზრება, თითქოს საბჭომ გაერო უნდა ჩაანაცვლოს: "მჯერა, რომ გაერომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს".
ვინ თქვა უარი?
"მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას, რომელიც გრენლანდიის, ტარიფებისა და სხვა საკითხების გამო გაღრმავებული ტრანსატლანტიკური განხეთქილების ფონზე გაჩნდა, აშშ-ის ზოგიერთი ახლო მოკავშირე ფრთხილად შეხვდა.
ნორვეგიამ და შვედეთმა მიწვევა უარყვეს. იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ჯანკარლო ჯორჯეტიმ განაცხადა, რომ საბჭოში გაწევრიანება პრობლემური ჩანს. გაზეთ Il Corriere della Sera-ს ცნობით, ერთი ქვეყნის ლიდერის მიერ მართულ ჯგუფში გაწევრიანება იტალიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაახლოებული წყაროს ცნობით, პარიზიც უარის თქმას აპირებს, რასაც ტრამპის მუქარა მოჰყვა ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ.
კანადამ განაცხადა, რომ "პრინციპში" თანახმაა, თუმცა დეტალები ზუსტდება. აშშ-ის სხვა საკვანძო მოკავშირეებს, მათ შორის ბრიტანეთს, გერმანიასა და იაპონიას, მკაფიო საჯარო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ. თუმცა გერმანიის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხუთშაბათს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დაგეგმილ ხელმოწერის ცერემონიას არ დაესწრება.
უკრაინის განცხადებით, დიპლომატები მიწვევას სწავლობენ, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოთხწლიანი ომის შემდეგ მისთვის ძნელი წარმოსადგენია რუსეთთან ერთად ერთ საბჭოში ყოფნა.
ვატიკანის ცნობით, საბჭოში მიიწვიეს რომის პაპი ლეოც (პირველი ამერიკელი პონტიფიკოსი და ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსი) და ის წინადადებას განიხილავს.
რა ძალაუფლება ექნება საბჭოს?
ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ "მშვიდობის საბჭოს" მანდატი მხოლოდ 2027 წლამდე და მხოლოდ ღაზის საკითხზე მიანიჭა. რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია ღაზის მომავლის განსაზღვრაში გაეროს მკაფიო როლს არ ანიჭებდა.
რეზოლუცია მიესალმა "მშვიდობის საბჭოს" ჩამოყალიბებას, როგორც გარდამავალ ადმინისტრაციას, რომელიც ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში "განსაზღვრავს ჩარჩოს და კოორდინაციას გაუწევს ღაზის აღდგენის დაფინანსებას", ვიდრე პალესტინის ადმინისტრაცია რეფორმებს არ განახორციელებს. მას ასევე მიენიჭა უფლებამოსილება, ღაზაში დროებითი "საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები" განათავსოს. საბჭო ვალდებულია, პროგრესის შესახებ უშიშროების საბჭოს ანგარიში ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს.
ღაზის მიღმა, გაურკვეველია, რა სამართლებრივი უფლებამოსილება ან აღსრულების მექანიზმები ექნება "მშვიდობის საბჭოს", ან როგორ ითანამშრომლებს ის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საბჭოს წესდების თანახმად, მის თავმჯდომარეს, დონალდ ტრამპს, ფართო აღმასრულებელი ძალაუფლება ექნება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებისა და წევრების გარიცხვის უფლება (გარკვეული შეზღუდვებით).
წესდების მიხედვით, საბჭო განახორციელებს "მშვიდობის მშენებლობის ფუნქციებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად".




























