"კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს", - ამის შესახებ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე ბელგიის ქალაქ ბრიუგეში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობის მნიშვნელობას და ევროკავშირში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მექანიზმების ამოქმედებას კანდიდატი ქვეყნებისთვის.
„ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის კონფერენციაზე განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. დღევანდელი მსჯელობა მოწმობს იმას, რომ ევროკავშირის უსაფრთხო მომავალი სწორედ ჩვენს ერთობაშია და ამ ერთობის უზრუნველყოფას სჭირდება მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცის - ევროკავშირის, გაფართოება შეფერხების გარეშე.
საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის 30 წელზე მეტს ითვლის. მიუხედავად რუსეთის აგრესიის და მის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა, ჩვენ შევძელით ქვეყნის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში დაყენება. თუმცა, საბოლოო მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ვართ საჭირო რეფორმების ერთგული და ამ გზაზე მოკავშირეები და პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება.
დღევანდელ კომპლექსურ, ცვალებად და არაპროგნოზირებად სამყაროში დრო ძალიან ძვირფასია და არასწორ აღქმებში და ფორმალობებში მისი დაკარგვა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება. გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის, კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.