მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსის დაკარგვის და EU-სთან უვიზო რეჟიმის გაუქმების რისკი რეალურია?

ნატა საბანაძე

რამდენად არსებობს კანდიდატის სტატუსის დაკარგვის და EU-სთან უვიზო რეჟიმის გაუქმების რისკი?
EU-ში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი და Chatham House-ის უფროსი მკვლევარი ნატა საბანაძე კანდიდატის სტატუსის დაკარგვის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკებს ვერ ხედავს, მაგრამ მიაჩნია, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა „უვადოდ გადაიდება“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღების ნამდვილი მიზანი სინამდვილეში რეჟიმის დაცვაა. „რუსული კანონი“ რეპრესიების ლეგალური იურიდიული ინსტრუმენტია“, - ამბობს დიპლომატი.

- „რუსული კანონით“ ევროკავშირს დავშორდებით - გვაფრთხილებენ ევროკავშირის ლიდერები. რამდენად დიდია რისკი დავკარგოთ ის, რაც უკვე გვაქვს - მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- ამის მექანიზმი არ არსებობს. კანდიდატის სტატუსი მიღებული გვაქვს და როგორც წესი, უკან წაღება არ ხდება. გავიხსენოთ თურქეთის მაგალითი, რომელსაც რამდენი წელია აქვს კანდიდატი სტატუსი. უბრალოდ, გავიყინებით. ამასობაში კი, წინ წავა უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც მოლაპარაკების ეტაპზეა არიან და რაც უფრო მეტად ჩამორჩება საქართველო, მით უფრო უარესია. ამდენად, რეალურად ეს არის ძალიან დიდი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის.

- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს? დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა არ გამორიცხა ეს „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში - ასე წაიკითხა მან შარლ მიშელის სიტყვები - „რუსული კანონი“ საქართველო ევროკავშირს დააშორებსო“...

- მე ასე არ წავიკითხავდი შარლ მიშელის სიტყვებს... რთული იქნება იმის უკან წაღება, რაც უკვე მივიღეთ, მაგრამ დაშორება ნიშნავს იმასაც, რომ თუ წინ არ წავედით, დავშორდებით, რადგან ერთ ადგილას დგომა არ გამოდის, მით უმეტეს, ამ კონტექსტში და ჩვენ რეგიონში და ეს იქნება პირდაპირ რუსეთის გავლენის გაძლიერება. „რუსული კანონი“ - ეს არაა მარტო საპროტესტო აქციისთვის მოგონილი ლოზუნგი; ეს კანონი არის რუსული ჰიბრიდული იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ. ჩვენ იმის მაგივრად, რომ ევროკავშირის ცხრა დათქმას ვასრულებდეთ, რომელიც გვჭირდება წინ წასაწევად, პრიორიტეტად ვაყენებთ რუსული კანონების მიღებას, რომელიც დემოკრატიის და თავისუფალი აზრის ჩახშობას ნიშნავს. ამ ყველაფერს კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამართლებს როგორც დეპოლარიზაციის გზად. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არ იქნება, თუ ხმას ვერავინ ამოიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები