ჩვენი სამომავლო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით წინსვლა აქვს და ევროკავშირის პირობების შესასრულებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
„მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,“- განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმითვე, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს აკეთებს.
“დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება, და ამ სირთულეებიდან გამოსავალს მარტო ვერცერთი ქვეყანა ვერ იპოვის. ამიტომ, გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია და მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად შესრულებულია ევროკავშირის ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. ამას გარდა, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა.
ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ: ევროკავშირის 5 პირობა კვლავ შესასრულებელია - არასამთავრობოები