მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კანდიდატის სტატუსის მისაღებად "ქართული ოცნება" ძალაუფლებას არ მოიკლებს” - გიორგი რუხაძე

64a15fb908560
ნანუკა ნარიმანიძე
02.07.23 16:45
544
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ რეკომენდაციების შესრულება და თავისი მოსაზრება GSAC-ის დამფუძნებელმა გადაცემა “ანალიტიკაში” წარმოადგინა. 
 
გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ძალაუფლებას არ დათმობს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.

“კომისია ამ ყველაფერს შეაფასებს ტექნიკური პარამეტრებით, 9 შეუსრულებელი პუნქტიდან რაღაც მიმართულებით პროგრესია, რაღაც მიმართულებით ლიმიტირებული პროგრესი, ზოგ პუნქტზე მუშაობა საერთო არ არის დაწყებული. ერთი წელი გავიდა ამ გაწერილი პუნქტის შემდეგ და სამი პუნქტია შესრულებული. ის პუნქტები, რომელიც შესრულებულია, ჩემი აზრით, პირდაპირკავშირში არ არის იმ ტიპის მმართველობასთან, რა ტიპის მმართველობაც დღეს საქართველოშია. ეს მუხლები არ უქმნის პრობლემას ხელისუფლების ძალაუფლების ვერტიკალს, სწორედ ამიტომ მიდიან დათმობაზე, თუმცა ქართული ოცნება ძალაუფლებას არ მოიკლებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა.

გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება რეკომენდაციების მე-7 პუნქტის წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამ მხრივ ხელისუფლებას არანაირი როლი არ შეუსრულებია. 

"სამწუხაროდ, პროცესის მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. ოპტიმიზმის შეგრძნებას აჩენს ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია და ეს შეიძლება განვიხილოთ მეშვიდე პუნქტის მუხლის წინსვლად, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების წილი და როლი ნულოვანია. ნება ხელისუფლებას არ გამოუხატავს, ეს იყო პრეზიდენტის აჯანყება აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს რომ ყოფილიყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მესამე ინსტანციის, აბსოლუტურად სხვა დონის აქტი იქნებოდა. ეს იქნებოდა ნიშანი დეპოლარიზაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ან, თუნდაც ხელისუფლების ნების, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნების შედეგი”, - განმარტა გიორგი რუხაძემ და დასძინა, რომ დეპოლარიზაციის კუთხითაც წინსვლა არ შეინიშნება.


შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება - ევროკომისიამ 2023 წლის ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს სრული ანგარიში, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას შეეხება.
საქართველოს EU-მ 12 პრიორიტეტის შესრულება განუსაზღვრა. 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი უკვე შესრულებულია, 7 პრიორიტეტის მხრივ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, ხოლო 2 პრიორიტეტში კი პროგრესი საერთოდ არ ყოფილა.საქართველოში მოქმედმა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სტატუსმეტრის ანგარიში თითოეული პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მოცემულ პერიოდში სრულად არის შესრულებული 1 პირობა, მეტწილად შესრულებულია 2 პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია 5 პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის 4 პირობა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები