მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში საქართველოდან ევროპაში ორაზროვანი გზავნილები იგზავნებოდა” - გიორგი მელაშვილი

64a14a196e0b8
ნანუკა ნარიმანიძე
02.07.23 14:31
847
საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება - ევროკომისიამ 2023 წლის ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს სრული ანგარიში, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას შეეხება. მანამდე კი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარმოადგინა. მისი შეფასებით, საქართველოს 12-დან 3 პრიორიტეტი უკვე შესრულებული აქვს, 7 პრიორიტეტის მხრივ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, ხოლო 2 პრიორიტეტში კი პროგრესი საერთოდ არ ყოფილა. საქართველოში მოქმედმა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ თითოეული პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით სტატუსმეტრის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ამ ეტაპისთვის სრულად 1 პირობაა შესრულებული, მეტწილად შესრულებულია 2 პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია 5 პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის 4 პირობა.

კანდიდატის სტატუსმეტრის შესახებ ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა.

“სამწუხაროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისიდან ევროპული დედაქალაქებისადმი, უკრაინისადმი და ამერიკისადმი იგზავნებოდა ორაზროვანი გზავნილები, რაც არ თამაშობდა დადებით როლს. აუცილებელი იყო მუშაობა ამა თუ იმ ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე. ამაში ძლიერი როლი უნდა ეთამაშა ჩვენ საელჩოებს და იმ შესაძლო საკომუნიკაციო კამპანიებს, რომელიც ჩვენს მთავრობას უნდა წამოეწყო. ამის სანაცვლოს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ის რესურსი, რომელიც შეიძლებოდა გახარჯულიყო ჩვენი ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად, იხარჯებოდა ოპოზიციასთან საბრძოლველად, თავისუფალი მედიის გასაკრიტიკებლად და ზოგადად ნებისმიერ თავისუფალ ადამიანზე თავდასხმის განსახორციელებლად, ამას ძალიან კარგად ხედავენ ევროპის ქვეყნები”, - განმარტა გიორგი მელაშვილმა.

ამასთან, მელაშვილმა რუსეთთან ფრენების აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იყო.

“სანქციების და ფრენების აღდგენის საკითხი წითელი ხაზებია. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ  რუსეთთან მიმართებით ფრენების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ფრენები ის საკითხია, რომელსაც ჩვენი ნებართვა სჭირდება, რაც სამწუხაროდ გაცემული იყო. ეს იყო ძალიან ცუდი სიგნალი, რომელიც ევროპისკენ გაიგზავნა”, - განმარტავს ის.

ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა გადაიქცეს “შავ ხვრელად”, რუსეთში სანქცირებული ტვირთებისა თუ გზავნილების გადატანასთან დაკავშირებით.

“საქართველო ფორმალურად აცხადებს, რომ არ აწესებს სანქციებს, თუმცა ამავდროულად ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქართველო არ გახდება “შავი ხვრელი” იმისთვის რომ მოხდეს ამ სანქციებისთვის თავის არიდება. დღევანდელი მოცემულობით, ევროკავშირის ფასეულობების მთავარი ხაზი უკრაინის ფრონტის ხაზზე გადის. ის პოზიცია, რომელიც ექნება საქართველოს, ევროპულ გზაზე ჩვენს განვითარებასა და წინსვლას განაპირობებს. აუცილებელია საქართველო არ გადაიქცეს შავ ხვრელად, რუსეთში სანქცირებული ტვირთების თუ გზავნილების გადატანასთან დაკავშირებით”, - დასძინა მელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები