მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანიონი 350“ ბალდის კანიონის მოწყობისთვის 3 მლნ-ზე მეტს დახარჯავს - რა მოეწყობა და როდისთვის?

64b93872d5a89
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.23 10:14
947
მარტვილის რაიონში სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი გასული წლის მიწურულს, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა. საჯარო ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2022 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა და მისი მმართველი პარტნიორები ანი გიუნაშვილი (40%), მამუკა მერკვილაძე (35%), ქეთევან მოწონელიძე (5%), ლევან ციცქიშვილი (5%) და გიორგი მერკვილაძე (15%) არიან, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორიცაა.

რამდენიმე დღის წინ Facebook-ის ჯგუფებში, ბალდის ჩანჩქერზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის საწინააღმდეგო პოსტები გაჩნდა, სადაც მოქალაქეები ადგილობრივებისთვის ბალდის ჩანჩქერზე წვდომის შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

BM.GE დაინტერესდა - რა პროექტის განხორციელებას გეგმავს კომპანია და რა ვალდებულებებით გადაეცა ტერიტორიის ნაწილი „კანიონი 350“, ასევე რა ინვესტიციის ჩადება იგეგმება აღნიშნული ლოკაციის განვითარებისთვის და როგორია ბალდის კანიონი ტურისტულ ატრაქციად ქცევის პერსპექტივები - ამ კითხვებით კომპანიის დირექტორსა და მმართველ პარტნიორს გიორგი მერკვილაძეს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ის კომპანია „აქტივიტის“ დირექტორია, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ტურისტულ ატრაქციებზე ზიპლაინების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი მერკვილაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ეს ადგილი წლიურად 60 000-მდე ადამიანს მიიზიდავს, რაც 6-ჯერ მეტია დღევანდელი ვიზიტორების რაოდენობაზე.

„ჩვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც პროექტი იყო წარმოდგენილი. როგორც ვიცი, პირველ ჯერზე აუქციონი ჩავარდა, ხოლო მეორე აუქციონზე ბევრი კომპანია მონაწილეობდა და ჩვენ გავიმარჯვეთ. აუქციონის პირობების მიხედვით, ტურისტული ლოკაციის მოწყობის შემდეგ მიღებული შემოსვლის 6% სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და ამასთან კომპანია ყოველწლიურად მიწის გადასახადს გადაიხდის.

პირობების მიხედვით, ტერიტორიის ნაწილი 40-წლიანი იჯარით გადმოგვეცა, თუმცა 20 წელიწადში ეს ვადა გადაიხედება. შეთანხმების პირობებითვე, ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომელიც 390-400 მეტრის ბილიკს, საფეხმავლო ბილიკს, დაკიდულ ბილიკს, გასართობ დიდ ატრაქციას მოიცავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ზიპლაინი გვაქვს აშენებული და აქ რაიმე ახლის შემოტანა გადავწყვიტეთ და ეს ე.წ. როლერია, იგივე ზიპლაინი, თუმცა არა სწორხაზოვანი, არამედ კანიონის რელიეფს იმეორებს. ასევე მოწყობა ცივილური საბანაო. კანიონის დათვალიერება ამჟამად მხოლოდ ხიდიდან ხდება და მცირე არეალით, პროექტის განხორციელების შემდეგ კი მთლიანად კანიონის დათვალიერება იქნება შესაძლებელი“, - განმარტა გიორგი მერკვილაძემ.



მისივე ინფორმაციით, პროექტში ვალდებულების მიხედვით 2.8 მლნ ლარი უნდა ჩიადოს, თუმცა ინვესტიცია 3 მლნ ლარს გადააჭარბებს. ამასთან, შესრულების ვადად 3 წელია გათვლით, თუმცა „კანიონი 350“-ში ტურისტული ლოკაციის სამუშაოების დასრულებას 2024 წლის აპრილისთვის გეგმავენ, გახსნას კი მაისში იმედოვნებენ.

გიორგი მერკვილაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში დაიწყო და ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 20 ადგილობრივია. პროექტის დასრულების შემდეგ, ატრაქცია 20 ადგილობრივს დაასაქმებს, რომელიც კომპანია უკვე შერჩეული ჰყავს.

კითხვაზე - რატომ გახდა ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივების პროტესტის საგანი, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სოფელ ბალდის და მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, რა დროსაც შეჰპირდა, რომ კანიონზე, მათთვის საყვარელ საბანაო ადგილას მოხვედრა იქაურებს არ შეეზღუდებათ.

„ჩვენამდე ადგილობრივებთან კომუნიკაცია ჰქონდა მუნიციპალიტეტის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს. ამ პროექტის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა და პირადადაც ვხვდებოდი ადგილობრივებს. მათ გაუხარდათ, რომ რაიონში მიზიდულობის ადგილი გაჩნდებოდა და მცირე სასტუმროების და კვების ობიექტების მოწყობა დაიწყეს.

აქამდე თუ კანიონზე სეზონზე 10-15 ათასი ვიზიტორი მოდიოდა, ახლა ჩვენი გათვლებით 50-60 ათას ადამიანამდე უნდა მოვიდეს. მომავალ წელს, თუ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი დამატებით გზის გაფართოების პროექტს განახორციელებს, ბალდის კანიონზე 100 000 ადამიანიც მოვა.

ადგილობრივებთან ჩემი პირველი შეხვედრისას, ვუთხარი, რომ ადგილობრივებისთვის კანიონზე შესვლა და ბანაობა ფასიანი არ იქნება, თუმცა ჩვენ წესრიგს უზრუნველვყოფთ და ადგილზე იქნებიან სამაშველო ჯგუფები... უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ბანაობასაც თავისი წესები ექნება - კლდიდან ხტუნვა და ქეიფი დაუშვებელი იქნება. ასევე როლერის მოხმარებაც ადგილობრივებისთვის უფასო იქნება“, - განმარტავს „კანიონი 350“-ის დირექტორი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები