მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონები ენერგეტიკაში, რომელთა მიღება პარლამენტმა ვერც 2019 წელს მოასწრო

5e0b567776155
დათო ჯალაღონია
31.12.19 18:42
1510
2019 წელს პარლამენტმა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ორი კანონი დაამტკიცა.

galt&taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, მიღებული კანონებიდან ერთ-ერთია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონი, რომელიც ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მეორეა - კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის მიზნობრივ მაჩვენებლებსა და მათი მიღწევის მექანიზმებსა და ვადებს.

„კანონები განსაზღვრავს მომავალი ბაზრის ზოგად ჩარჩოს და იძლევა მითითებებს გარდამავალი პერიოდისთვის. კანონებით გათვალისწინებულ ცვლილებათა შორისაა: განაწილებისა და გადაცემის საქმიანობების გამიჯვნა, ბაზრის ახალი მოთამაშეების ჩამოყალიბება (მაგ. ელექტროენერგიის მიმწოდებლები, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლები), უბალანსობის მოგვარების მექანიზმის შემოღება, განახლებადი ენერგიის წახალისების მექანიზმების განსაზღვრა და ა.შ. აღნიშნული კანონები ასევე ადგენენ ვადებს და პასუხისმგებელ ორგანოებს მეორადი კანონმდებლობის მისაღებად, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ბაზრის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმები. რაც მთავარია, დონორი ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ და ეხმარებიან საქართველოს ამ გარდამავალ პროცესში“, - ნათქვამია "გალტ ენდ ტაგარტის" მიმოხილვაში.

რაც შეეხება კანონებს, რომელთა მიღებას ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოსგან, როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნისგან, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ელოდა, მათ შორის ისევ არის კანონები – „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტების მიღების დაგვიანების გამო, გასულ წელს, ევროპული ენერგოგაერთიანების სამდივნომ ქართული მხარე გააკრიტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები