დღეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იურისტმა ალიკო ბერიძემ ყურადღება გაამახვილა ახალ რეგულაციებში არსებულ ბუნდოვანებებზე და რისკებზე, რომლებსაც დამსაქმებლები წააწყდებიან.
ბერიძის თქმით, კანონში ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი შრომითი მიგრანტისა და თვითდასაქმებული უცხოელის ცნებების მკაფიო გამიჯვნის არარსებობაა.
„კანონმდებლობა ვერ მიჯნავს შრომით მიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელს. მაგალითად, ნებისმიერი პირი, ვისთანაც მომსახურების ან ნარდობის ხელშეკრულება ფორმდება და სანაცვლოდ ეკონომიკურ სარგებელს იღებს, შესაძლოა თვითდასაქმებულ უცხოელად ჩაითვალოს. ეს ბუნდოვანება კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის პლატფორმაზე,“ - განაცხადა ბერიძემ.
იურისტმა ასევე ისაუბრა კანონის ამოქმედების ვადებსა და გარდამავალ პერიოდზე. მისი თქმით, კანონი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო თვითდასაქმებულ უცხოელებს მაისამდე აქვთ ვადა, რათა თავიანთი საქმიანობა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. რაც შეეხება უკვე დასაქმებულ და რეგისტრირებულ უცხოელებს, მათთვის ახალი რეგულაციები 2027 წლის იანვრიდან შევა ძალაში.
"ამ შემთხვევაში კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ტერმინი პარტნიორობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობას. ამ კონტექსტში, გაურკვეველია, კონკრეტულად ვინ იგულისხმება მენეჯმენტის წევრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აქციონერი, პარტნიორი თუ სხვა. შესაბამისად, კანონი და დადგენილება ამ საკითხზე განმარტებას არ იძლევა, რაც ბუნდოვანებას ქმნის.
ასევე, მთავარი კითხვა ეხება იმ უცხოელებთან თანამშრომლობას, რომლებთანაც დამსაქმებლებს უკვე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და რომლებთანაც აქტიურად მიმდინარეობს საქმის შესრულება. ამ შემთხვევაში, გაურკვეველია, რა უნდა მოხდეს, თუკი ხელშეკრულებას ვადა გაუვა ან ეკისრება თუ არა დამსაქმებელს რაიმე დამატებითი ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება", - ამბობს იურისტი.
გარდა სამართლებრივი ბუნდოვანებისა, ბერიძემ ყურადღება გაამახვილა ფინანსურ მხარეზეც. მისი თქმით, ახალი რეგულაციები დამსაქმებლებისთვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს.
„უცხოელის დასაქმება დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. პირველადი რეგისტრაციის საფასური 200 ლარია, რასაც ემატება შემდგომი გაგრძელების ხარჯები. დამსაქმებლებმა წინასწარ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელფასთან ერთად მათ დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯიც ექნებათ", - ამბობს იურისტი.




























