მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უცხოელების დასაქმება კი არ შევზღუდეთ, არამედ ორგანიზებული მიდგომა ჩავრთეთ"|ინტერვიუ შოთა ბერეკაშვილთან

შოთა ბერეკაშვილი

„უცხოელების დასაქმება კი არ შევზღუდეთ, არამედ სისტემური და ორგანიზებული მიდგომა ჩავრთეთ“, - ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება იზღუდება.


ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.

„შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემ უწყებად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც დამსაქმებელმა უნდა მიმართოს.

თავის მხრივ, საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.

ქვეყანაში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.

„უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს“ - ასეთი ჩანაწერია კანონში, რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდება და რომლის მიხედვითაც, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს უფლება ეძლევა, ამ მიზეზით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე „შრომითი საქმიანობის უფლება“ არ გასცეს. კანონის ამოქმედებამდე მცირე დრო რჩება, თუმცა კომპანიებმა დღემდე არ იციან თამაშის კონკრეტული წესები, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტები ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

- ბატონო შოთა, როგორც დეპუტატი და ახალი რეგულაციის თანაავტორი, რომლის თანახმად, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება იზღუდება, ხომ არ მოუწოდებდით ჯანდაცვის სამინისტროს, დროულად გამოსცეს კანონქვემდებარე აქტები, რაც დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია?

- ჩვენ კი არ შევზღუდეთ [უცხოელების დასაქმება], არამედ ორგანიზებული ხასიათი მივეცით [ამ პროცესს]; სისტემური მიდგომა ჩავრთეთ კომპანიებისთვის, თუ მათ სჭირდებათ პროფესიული კადრების საზღვარგარეთიდან შემოყვანა. ადრე ეს ყველაფერი არაორგანიზებულად იყო. იარსებებს შესაბამისი [წესი], რომლის მიხედვითაც, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტული პროცედურების გავლით, შესაბამისი შრომითი რესურსი შემოიყვანონ ქვეყანაში, თუ ამის საჭიროება არსებობს... რაც შეეხება კანონქვემდებარე აქტების [გამოცემას] და ასე შემდეგ, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა.

- თქვენი, როგორც კანონმდებლის აზრით, როცა კანონი 1-ელი მარტიდან შედის ძალაში, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს ახალი თამაშის წესები?

- ერთი წლის წინ, როდესაც კანონი [მიიღო პარლამენტმა], ბიზნესასოციაციებთან და ბიზნესთანაც გვქონდა შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ეს ინიციატივა გავაცანით. ჩვენ გვინდა, პროცესები იყოს ორგანიზებული, სისტემური და შემოვიყვანოთ ისეთი კადრები, რომელიც ჩვენ ეკონომიკას სჭირდება და დამატებით ღირებულებას ქმნის.

- საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაციის BAG-ინდექსის თანახმად, ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ხუთ ფაქტორს შორისა სპეციალისტების დეფიციტი და ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი...

- ბიზნესმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა ჩადოს [კადრების] გადამზადებასა და შრომითი რესურსის, შრომითი ბაზრის გაუმჯობესებისთვის. ამისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ასევე არსებობს პროფესიული განათლების ცენტრები და ჩემი აზრით, კერძო და სახელმწიფო სექტორმა ერთად უნდა იზრუნოს ამ მიმართულებით...

- ბატონო შოთა, ვინაიდან პოლიტიკამდე აქტიურ ბიზნესში იყავით, როგორ ფიქრობთ, კომპანიამ უფრო უკეთ იცის სჭირდება თუ არა უცხოელი სპეციალისტი თანამშრომლად თუ ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც „შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემ უწყებად განისაზღვრა?

- რას გეტყვით, იცით? - კომპანია საოპერაციო პროცესებს მხოლოდ ვიწრო ჭრილში უყურებს, ჯანდაცვის სამინისტრო კი, შრომის ბაზრის დიდ სურათს უყურებს. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებში, გვინდა ისეთი ეკონომიკური სექტორების [განვითარება] რომელიც სტრატეგიულია ჩვენთვის და ამისთვის რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი უნდა გავზარდოთ. შესაბამისად, ეს ძალიან კომპლექსური თემაა და ერთი კონკრეტული კომპანიის მიდგომაზე ვერ იქნება...

- მესმის, უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის კარგია პრაქტიკული მაგალითები - აი, მაგალითად, დღეს რომ აქტიური ბიზნესმენი იყოთ და კომპანია „თეთრ კვადრატში“ ჩათვალოთ, რომ გჭირდებათ უცხოელი სამუშაო ძალა ან ერთი-ორი სპეციალისტი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვა არ მოგცეთ იმ მიზეზით, რომ „უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს“, მოგეწონებოდათ?

- იცით, ყველა ქვეყანაში ორგანიზებულად ხდება სამუშაო ძალის შემოყვანა - ასეა, ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც. ასევე, შვეიცარია განსაკუთრებით კარგი მაგალითია. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ - როდესაც ეკონომიკას სჭირდება სამუშაო ძალის შემოყვანა, ეს ხდება ორგანიზებულად და სისტემურად და ეს მიდგომა [შემოგვაქვს].

- ბატონო შოთა, დღესაც აქვთ დამსაქმებლებს ვალდებულება, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში, ის შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დაარეგისტრიროს... 1-ელი მარტიდან კი იცვლება ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეეძლება უარი უთხრას კომპანიებს უცხოელის დასაქმებაზე...

- არავითარი ორგანიზება არ იყო... ჩვენ სისტემურად მივუდექით საკითხს და ეს შრომით ბაზარსაც გააჯანსაღებს; უფრო კვალიფიციური კადრებიც შემოვა, თუ შემოსაყვანია; პარალელურად, ჩვენი მიზანია, სადაც სამუშაო ძალა გვიჭირს, იმ სექტორებში კადრების გადამზადება. მოგეხსენებათ, ერთი მხრივ, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13%-ია და მეორე მხრივ, შრომის ბაზარზე კვალიფიციურ მუშახელზე დიდი მოთხოვნაა.

- დიახ, ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტი რომ არის, ამიტომაც კერძო სექტორის გარკვეულ ნაწილში გაკვირვებას იწვევს უცხო ქვეყნიდან სამუშაო ძალის დასაქმების წესის შეცვლა...

- [გასაკვირი არაფერია]; გვინდა, ყველაფერი დავაბალანსოთ და [უცხოელების დასაქმება] იყოს ორგანიზებული.

- კიდევ ერთხელ გკითხავთ - რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დროულად გამოსცეს კანონქვემდებარე აქტები, რათა ბიზნესმა იცოდეს ახალი თამაშის წესები?

- მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და გიპასუხებენ.

P.S. BMG-მ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კითხვით უკვე მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები