მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონი ხელს შეუშლის პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა - ბრიტანეთის საელჩო

6408b5c07ee4f
თელარა გელანტია
08.03.23 20:18
784
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აგენტების შესახებ კანონზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"გაერთიანებული სამეფო იზიარებს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას გუშინ პარლამენტში "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ. მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა.

წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას, გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი, სანამ გააგრძელებენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს პარტნიორები, როგორც აშშ, ისე, ევროკავშირი აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - ეწერა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კანოპროექტის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე“ - ეწერა ამავე საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს საქართველოს მოქალაქეებმაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.