მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება - მეუფე შიო

მეუფე შიო

უწმინდესის მოსაყდრე შიომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის შესახებ იქადაგა. მისი თქმით, კანონპროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ეკლესიას ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული სტკივა და "ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში".

მისივე თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას.

"ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. საერთოდ დაპირისპირებაზე ჩვენ გვპასუხობენ ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად და როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი სწორედ ოჯახი გახლავს. ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მცირე ლოცვას და შემდეგ ყველანი ერთად გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც თქვენთან ერთად აღვავლენთ პარაკლისს“, - განაცხადა მეუფე შიომ ოჯახური სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილ დღეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები