საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არ წაუკითხავს, თუმცა გამჭვირვალობას ეთანხმება. BMG-მ ნოდარ პაპუკაშვილს ჰკითხა, იყენებს თუ არა სამინისტრო უცხოურ გრანტებს და იცის თუ არა, რა თანხას მიიღებს წელს მთავრობა უცხოელი დონორებისგან, რაზეც შემდეგნაირად უპასუხა:"პროფესიული განვითარების პროცესში დონორები, რა თქმა უნდა, ჩართულები არიან".
- მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რამდენი მილიონი ლარის გრანტს მიიღებს და ვისგან?
- ეს ისეთი დეტალია, რომელიც არ მახსოვს.
- 150 მილიონ ლარს მიიღებს. შესაბამისად, მინდა გკითხოთ. პარლამენტში რეგისტრირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 20%-ზე მეტ შემოსავალს, უცხო ქვეყნიდან რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაც მიიღებს, ის უცხოური ქვეყნის ინტერესის გამტარებელი იქნება. ფიქრობთ, რომ ეს სწორია? და თუ ფიქრობთ, რომ სწორია, მაშინ რატომ უნდა ეწოდოს არასამთავრობო სექტორს და მედიას ავტომატურად უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და არა მთავრობას, რომელიც გრანტებს იღებს?
- რა უნდა გითხრათ?
- ეთანხმებით ამ კანონპროექტს?
- ყველანაირ გამჭვირვალობას ვეთანხმები, რაც არსებობს.
- უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი სწორია, თქვენი აზრით?
- რაზე მეკითხებით არ ვიცი.
- კანონპროექტი არ გინახავთ?
- არ მინახავს.
- მაშინ კიდევ ერთხელ გეტყვით. ამ კანონპროექტში წერია, რომ 20%-ზე მეტ ფულად დახმარებას, გრანტების სახით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაც მიიღებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. იარლიყი უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი სწორად მიგაჩნიათ თუ არა?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი რას ნიშნავს.
- უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი სწორია თუ არა?
- შინაარსს უნდა გავეცნო.
- არ წაგიკითხავთ, მაგრამ გამჭვირვალობას ეთანხმებით.
- ყველაფრის გამჭვირვალობას ვეთანხმები.
- იარლიყის გარეშეც?
- ეგ რას ნიშნავს, არ ვიცი, უნდა გავიაზრო. ვერ მიხსნით.