მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონპროექტი ოლიგარქიზაციის დაძლევისთვის არაეფექტიანია“ - ვენეციის კომისიის დასკვნა საჯაროა

6487782ccb216
შოთა ტყეშელაშვილი
12.06.23 23:52
808
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიურია. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი კანონმდებლობა, შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების შეზღუდვისთვის იყოს გამოყენებული.

ამასთან, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შემცირებისთვის საუკეთესო თავად ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ქონაა.

"ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიულ გავლენას ეფექტურად ებრძოლოს, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა წარმოშობს რისკს, რომ ის ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით სახიფათო იარაღად იქცეს,"- აღნიშნულია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

კანონპროექტით, პირი შეიძლება ოლიგარქად იდენტიფიცირდეს, თუკი ის ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000,000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. (საარსებო მინიმუმი დღეს 252ლარი. 252 X 1,000,000 = 252,000,000 ლარი).

ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემების საბრძოლველად არ აურჩევია სისტემური მიდგომა. ნაცვლად ამისა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში საუბარია კონკრეტული პიროვნებების ოლიგარქებად იდენტიფიცირებაზე, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში საუბარი არ არის სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილის შესახებ, კანონპროექტის პოტენციურად ბოროტი მიზნებით გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება კვლავ შეიძლება ძლიერ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს" . - წერია ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამას გარდა, ვენეციის კომისიის შეფასებაში აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვერ განიხილება ოლიგარქიზაციის პრობლემაზე დემოკრატიულ და ეფექტიან პასუხად.

"ვინაიდან ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებებმა შეიძლება გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობა, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო "სისტემური" მიდგომა უნდა გატარდეს". - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთანავე, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ სისტემური ცვლილებების ეფექტიანად გასატარებლად, საჭიროა, რომ სასამართლო სისტემის სრული რეფორმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასაც ისახავს მიზნად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები