მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტი შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან... ახლა ბურთი მთავრობის მოედანზეა - კოოპმანი

კოოპმანი

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი ამბობს, რომ სიტუაცია, რომელიც საქართველოში დახვდა შემაშფოთებელია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისში ვიზიტით მყოფმა კოოპმანმა აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტი შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, მან დაგმო ძალადობა.

„ვესაუბრეთ მთავრობას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. უნდა ვთქვა, რომ სიტუაცია, რომელიც დამხვდა ძალიან შემაშფოთებელია. ძალადობაა თბილისის ქუჩებში. რა თქმა უნდა ვგმობთ ძალადობას და ჩვენმა პრეზიდენტმა ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესი ლიმიტირებულია, რაც ასევე არაა კარგი. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო. რეკომენდაციებს სექტემბერში წარვადგენთ, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში. ბურთი ახლა, ძალიან მყარად, მთავრობის მოედანზეა. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და კომისია მზადაა კანდიდატ ქვეყანასთან იმუშაოს. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება და მჯერა, ეს იქნება მთავრობის სურვილიც. ვიმედოვნებ, რომ ამის საფუძველზე შეიძლება გადაიჭრას ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ.

ეს კანონი პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. როგორც მესმის, კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს, წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, ეს დრო უნდა იქნეს გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის. ჩვენთვის ამ სახით კანონპროექტის მიღება მიუღებელია. შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“,- აღნიშნა კოოპმანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები