მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი რეკორდული წელი გვექნება - Galt & Taggart-ის ხელმძღვანელი

გიორგი კუპრაშვილი

Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი ამბობს, რომ კაპიტალის ბარზისთვის 2025 წელი ძალიან აქტიურია და ბაზარს დებიუტანტი ემიტენტებიც შეემატნენ. მათ შორის არის "ალმა", რომელმაც ივლისის ბოლოს 30 მლნ დოლარის და 8.5 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 2.5 მლრდ ლარია. აქედან თითქმის 1.6 მლრდ ლარი დოლარში დემონომინირებული ობლიგაციებია, 740 მლნ ლარის ლარში დემონომინირებული, ხოლო 200 მლნ ლარი - ევროში.

"კაპიტალის ბაზრებს რაც შეეხება, ძალიან აქტიური წელია. თუ პირველი ნახევარი შედარებით მცირე აქტიურობა იყო, მეორე ნახევარმა დააკომპენსირა და ერთ-ერთი რეკორდული წელი გვექნება. გვყავს ახალი დებიუტანტები ბაზარზე, მათ შორის "ალმა", რომლის ტრანზაქციაზეც ახლახანს ვიმუშავეთ. ეს იყო წლევანდელი წლის ყველაზე მსხვილი სავალუტო ემისია. საკმაოდ იშვიათია, როცა დებიუტანტი ამხელა მოცულობით გამოდის ბაზარზე. ამის მიუხედავად, შევძელით, რომ ინვესტორების ძალიან დიდი ინტერესი გვქონოდა. ორივე ტრანში - დოლარის და ევროსი, საგრძნობლად გადაჭარბებით მოთხოვნადი იყო. ასე, რომ შევძელით "ალმასთვის" მიგვეღო სასურველი და ჯანსაღი მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან. წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველით. შედეგად, წლიურ ჭრილში მილიარდ ლართან ახლოს ვიქნებით ჯამური ემისიებით, რაც ბოლო რამდენიმე წლის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია", - ამბობს კუპრაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები