მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაპიტალის ბაზრის რეგულირება სებ-ს უნდა გამოეყოს“ - რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის?

ლელო

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ბიზნესს განვითარებისა და გაფართოებისთვის ფინანსებზე წვდომა სჭირდებათ. „3,8-მილიონიანი ბაზრით ქართული ბიზნესი ლიმიტირებულია, მაგრამ ცოდნა, რომელიც დააგროვა, არის სერიოზული აქტივი სხვა ქვეყნებში ბიზნესის განვითარებისთვის, ამისთვის კი სჭირდება კაპიტალის მოზიდვა“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც საფონდო ბირჟის განვითარების საჭიროებასა და „ლელოსეულ“ ხედვაზეც ისაუბრა.

- ვფიქრობ, თქვენგან როგორც ყოფილი ბანკირისგან, ბიზნესი უფრო ელის პრობიზნესურ ინიციატივებს, რადგან პოლიტიკოსების დიდი ნაწილი იშვიათად უსვამს ხაზს კერძო სექტორის როლს ეკონომიკის ზრდაში თუ სამუშაო ადგილების შექმნაში...მაგალითად, წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 19 მილიარდი ლარის გადასახადს ელის მთავრობა, რომელსაც იხდის ბიზნესი... თქვენ რას ჰპირდებით ბიზნესს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ბიზნესის როგორც მეწველი ძროხის ფენომენი ვერ მოიშალა; ბიზნესს ყოველთვის უყურებენ როგორც საშუალებას, რომლისგანაც რაც შეიძლება მეტი თანხა უნდა აიკრიფოს... ორ მთავარ რამეს ვიტყვი, რაც ბიზნესისთვის მთავარია: პირველი - კაპიტალზე წვდომა და მეორე - ბიზნესიდან გასვლა (exit) ანუ გაყიდვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც მოდის, დებს ფულს რაღაც ბიზნესში და აუცილებლად სჭირდება მექანიზმი, რომ მოგებით გავიდეს. დღეს რა ხდება?! - ქვეყანაში არ არსებობს საფონდო ბირჟა. ბიზნესიდან გასვლა ანუ გაყიდვა უძრავი ქონების გაყიდვას არ ნიშნავს. დღეს უცხოელი ბიზნესმენი აქციებს ვერსად გაყიდის თუ ისევ აქ, შინაურ, რამდენიმე მსხვილ ბიზნესმენთან არ მივიდა და არ უთხრა, რომ „10 წელია აქ ვარ, ჩავრჩი, გასვლა მინდა“... ეს არაა სერიოზული - ეს არის ქვის ხანა. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საფონდო ბირჟა, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ექნებათ კაპიტალზე წვდომა; კაპიტალზე წვდომა არაა საბანკო კრედიტი, რომელსაც პროცენტი ერიცხება, ეს არის კაპიტალი, რომელიც იზიარებს ბიზნესის რისკს და არის უვადო ანუ ინვესტორი იღებს ვალდებულებას, შევიდეს ბიზნესში და გაინაწილოს რისკი, მაგრამ არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც რაღაც მომენტში, როდესაც ბიზნესი განვითარების პიკს მიაღწევს, გაყიდოს თავისი აქციები და მოგება გაიტანოს. საფონდო ბირჟის განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ბიზნესისთვის, არამედ რეგიონის ბიზნესისთვის - ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, კაპიტალის ბაზარი ჩამოვაყალიბოთ. ასეთ დროს რა მოხდება ბანკებთან მიმართებით? - ბანკები იძულებულნი ხდებიან, დააგდონ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, რადგან საბანკო სექტორის დიდი კონკურენტი ჩნდება, მაგრამ <ბანკები> უფრო გრძელვადიან ინვესტიციაში შედიან - მეტ იპოთეკას დააკრედიტებენ, მეტ სესხს გასცემენ საბრუნავი საშუალებებისთვის...

- „კაპიტალის ბაზრის განვითარება ბანკებს არ აწყობს და ხელს უშლიან“ - ამ საკმაოდ გავრცელებულ მოსაზრებას იზიარებთ?

- ეს არის დიდი პრობლემა...

- ასეა?

- იმიტომ, რომ არ ესმით...

- ასე იყო მაშინაც, როცა თქვენ იყავით ბანკირი?

- ჩვენ როცა ბანკში ვიყავით, ეს საკითხი საერთოდ არ იდგა, იმდენად პატარა იყო ეს ყველაფერი... ქვეყანაში უკვე ორი საფონდო ბირჟა არსებობს და ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ თუ საფონდო ბირჟის მარეგულირებელი, რომელიც სებ-შია მოთავსებული, არ იქნება დამოუკიდებელი და სების კონკურენტი, ის ვერ განვითარდება; ეს არის ერთ-ერთი სასწრაფო რეფორმა - კაპიტალის ბაზარს დამოუკიდებელი მარეგულირებელი უნდა ჰყავდეს და არ უნდა ექვემდებარებოდეს ეროვნულ ბანკს.

- რატომ?

- არაა დაინტერესებული... თან არ ესმით. ეს არის ბუნებით სხვა პროდუქტი - საინვესტიციო, სარისკო პროდუქტი და არა ძალიან რეგულირებადი საბანკო პროდუქტი...

- თუმცა განვითარებული კაპიტალის ბაზარი საბანკო სექტორის კონკურენტი იქნება...

- უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, ორივე ერთმანეთს ავსებს და ქვეყანა ძალიან ძალიან სწრაფად იზრდება, რადგან გრძელვადიანი ფული ჩნდება. კომპანიები, რომლებიც ფართოვდებიან და ფიქრობენ სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლას, სჭირდებათ ფული და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქართულ ბიზნესს, რადგან საქართველოს ეკონომიკა პატარაა; თუ გვინდა, ქართული ბიზნესი გახდეს ძლიერი, გამოცდილება, რომელიც აქ დააგროვეს, უნდა გაიტანოს საზღვარგარეთ - იქნება ეს სალიზინგო, საბროკერო, რიტეილ მიმართულება თუ სხვა. 3.8- მილიონიანი ბაზრით ქართული ბიზნესი ლიმიტირებულია, მაგრამ ცოდნა რომელიც დააგროვა, არის სერიოზული აქტივი სხვა ქვეყნებში ბიზნესის განვითარებისთვის და ამისისთვის სჭირდება კაპიტალის მოზიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები