საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ბირჟის გააქტიურება ქვეყანაში ახალი ტიპის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების გაჩენას შეუძლია.
როგორც ნინო ქურდიანმა BMG-ის განუცხადა, კაპიტალის ბაზრის მიმართულებით განვითარებულ ქვეყნებში დანერგილი პრაქტიკაა, რომ მსგავსი ფონდების ფასიანი ქაღალდები სწორედ საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, რასაც ინვესტორების, მათ შორის ფიზიკური პირების მხრიდან დიდი დაინტერესება აქვს.
მისი თქმით, უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების ანუ REIT-ების კანონმდებლობაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფონდებს ვალდებულება ჰქონდეთ ფასიანი ქაღალდები სწორედ საფონდო ბირჟაზე განათავსონ.
„საფონდო ბირჟის გააქტიურების კუთხით საჭიროა, რომ ბაზარს ფართო მასებისთვის საინტერესო პროდუქტები შევთავაზოთ. ამ მიმართულებით უნდა დაველოდოთ პორტფელურ ინვესტიციებს. მაგალითად, უძრავი ქონების ტრასტების, REIT-ების საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესაძლებლობას. როდესაც ახალი კანონმდებლობა და საგადასახადო რეგულაციები საშუალებას მოგვცემს, რომ უძრავ ქონებაში შეღავათიანი, მიმზიდველი პირობებით იყოს გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მსგავსი პროდუქტები ბირჟაზე ივაჭრებოდეს. ასეთი ტიპის ფასიანი ქაღალდები ნაცნობია ინვესტორებისთვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. ეს შესაძლოა, საფონდო ბირჟის ბუსტადაც იქცეს.
უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების გააქტიურებაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს, ამ პროცესში ჩვენც ჩართულები ვართ. ვფიქრობთ, ასეთი ტიპის ფასიან ქაღალდებზე საგადასახადო შეღავათების მისაღებად აუცილებელი უნდა იყოს მათი საფონდო ბირჟაზე დალისტვა. ეს აპრობირებული მეთოდია სხვა ქვეყნებშიც და როგორც წესი, ასეთი ტიპის ფასიანი ქაღალდები ბირჟაზეც ივაჭრება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად გაჩნდება ინვესტორებისთვის საინტერესო საინვესტიციო პროდუქტები, რომლითაც ბირჟაზე ივაჭრებს", - განაცხადა ნინო ქურდიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების გაჩენაზე საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის შესაძლებლობაზე ეროვნულ ბანკში საუბრობდნენ.