მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარასინს და აბაშიძეს რომ ერთმანეთში კომუნიკაცია აქვთ, ეს პირველად გაიგეთ? - კალაძე

63db860395a49
BM.GE
02.02.23 13:50
556
თბილისის მერმა, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რუსეთში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუს დიპლომატ გრიგორი კარასინს შორის გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ზარზე გააკეთა კომენტარი.

კალაძის თქმით, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კარასინსა და აბაშიძეს კომუნიკაცია აქვთ.

“კარასინს და აბაშიძეს რომ ერთმანეთში კომუნიკაცია აქვთ, ეს პირველად გაიგეთ? ეს რაღაც სიახლეა თუ? ჩემთვის არაფერი არ არის ახალი, ღიად ხდება ამაზე განცხადებების გაკეთება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ youtobe-გვერდმა „კიბერ კმარამ“ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც მათი ცნობით, 2022 წლის 22 ივნისით არის დათარიღებული. ჩანაწერში სავარაუდოდ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი საქართველო-რუსეთს შორის სახმელეთო მიმოსვლის საკითხს განიხილავენ.

“ვრცელი საუბარი მქონდა ჩვენ ტრანსპორტის სამინისტროსთან. მსურს, შენც იყო საქმის კურსში. ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებმაც აჩვენეს პრობლემების, მათ შორის, ლარსის მოგვარების სურვილი. უფრო მეტიც – სურთ, ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ, მიუხედავად სატრანსპორტო ვითარების გამწვავებისა. მიმანიშნეს კიდეც, რომ აქვთ რაღაც გეგმა ახალი კორიდორის მშენებლობაზე, რომელიც დაგვაკავშირებდა,”- აცხადებდა კარასინი ჩანაწერში.

დღეს სატელეფონო ზარზე განმარტება გააკეთა ზურაბ აბაშიძემ:

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები