მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Karelia-ს თამბაქოს კომპანიაში, რომლის სიგარეტიც ყალბდებოდა, აცხადებენ, რომ 2024-ში საქართველოსა და სომხეთში გაყიდვების კლება ჰქონდათ

სს

სიგარეტის ბრენდის მფლობელია ბერძნული კომპანია Karelia Tobacco Company-ი, რომლის სიგარეტიც სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით საქართველოში ყალბდებოდა, 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში მიუთითებდა, რომ საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე გაყიდვების კლება ჰქონდა.

გორში სიგარეტის არალეგალური საწარმოს საქმეზე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას და საქმეში მონაწილე კიდევ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლიდან კომპანია "გორი ისთეითი" და შპს "საქსი" თამბაქოს არალეგალურ წარმოებას ახორციელებდა. გამოძიების თანახმად, მათ მიერ აღმოჩენილი მარაგები და 324,000 კოლოფი სიგარეტი Karelia-ს ბრენდის იყო, აღნიშნული მარაგების ღირებულება 2.1 მილიონ ლარს აღემატებოდა.

ამავე საწარმოში აღმოჩენილია სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარი და თამბაქოს ნედლეული, რომელიც უაქციზო ფალსიფიცირებულ წარმოებაში გამოიყენებოდა.

მაღალი ალბათობით, კომპანიის გაყიდვების კლება სწორედ არალეგალური წარმოების ეფექტით იყო განპირობებული.

"ბულგარეთში ჩვენ შევძელით წინა წლების აღმავალი ტენდენციის დაჩქარება და მივაღწიეთ სიგარეტის გაყიდვების 21%-იან ზრდას. იმავე დროს, 2024 წელს ესპანეთში გაყიდვების მოცულობა 17%-ით გაიზარდა, საფრანგეთში – 9%-ით, პორტუგალიაში – 6.7%-ით, ხოლო ავსტრიაში სიგარეტის 3%-იან ზრდას, თამბაქოს პაკეტების გაყიდვების 36%-იანი მატება მოჰყვა. აღმოსავლეთ ევროპაში მოლდოვაში არსებული აღმავალი ტენდენცია ვერ აღმოჩნდა საკმარისი სომხეთსა და საქართველოში დანაკარგების ასანაზღაურებლად, რის შედეგადაც რეგიონში გაყიდვების მოცულობა 12.8%-ით შემცირდა", - ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები