სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დაზღვევის ინდუსტრიას განვითარებისთვის, პირველ რიგში, ეკონომიკაში ამ სექტორის როლის კარგად გააზრება სჭირდება. ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც დაზღვევის ბიზნესის გამოწვევებსა და პოტენციალზე ვრცლად ისაუბრა.
„არდის“ გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ სხვადასხვა სტიმულების, მათ შორის სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღება ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ ინდუსტრიის მიერ მეტი პრემიის მოზიდვას და შესაბამისად, შემოსავლის ზრდის უფრო მაღალ ტემპს, არამედ „კარგი რეკლამაც“ იქნებოდა.
"წერტილთან" ინტერვიუში მიხეილ ჯაფარიძემ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაზღვევის მიმართ არსებულ იმ აღქმაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, თითქოს დაზღვევა უფრო მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების პროდუქტია, ვიდრე - მოწყვლადი ჯგუფების.
„რატომღაც ასეთი აღქმაა, რომ დაზღვევა არის მათთვის, ვისაც კარგი მანქანა ან კარგი სახლი აქვს, არადა პირიქითაა - მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ხარისხიანი დაზღვევა, რადგან ის 1 ავტომობილი მისთვის ბევრად ძვირფასია, ვიდრე იმისთვის, ვისაც 3 ჰყავს“, - ამბობს „არდის“ გენერალური დირექტორი.
- რა არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები თუ რეფორმები, რაც დაზღვევის სექტორს განვითარებაში დაეხმარებოდა?
- პირველ რიგში, საჭიროა, კარგად იქნეს გააზრებული, ზოგადად, ჩვენ როგორც ინდუსტრიას, რა როლი გვაქვს ეკონომიკაში და სად არის დაზღვევის სექტორის ადგილი; ეს თუ იქნება ზევით გააზრებული, ძალიან კარგი იქნება...
- „ზევით“ გააზრებაში ეკონომიკის სამინისტროს გულისხმობთ თუ მარეგულირებელს - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს?
- ვგულისხმობ სექტორისთვის ზედა ხედიდან შეხედვას - მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ეკონომიკა მაგიდაა და ზევიდან როცა გადავხედავთ, სად არის ამ სექტორის ადგილი, თუ შეიძლება მისი ზრდა და როგორ შეიძლება, შემდეგ დაზღვევის სექტორი სხვა ბიზნესებს დავეხმაროთ ზრდაში. ჩვენ ვართ რისკის მართვის ბიზნესში და თუ ჩვენი რისკის მართვის კომპეტენცია დაეხმარებოდა სხვა ბიზნესებს, რომ ისინი შოკის მიმართ უფრო მედეგები გახდნენ, ეს ხომ საბოლოო ჯამში ეკონომიკას ეხმარება?! ამიტომაც არსებობს დაზღვევა. ამდენად, ვფიქრობ ამ ყველაფრის გააზრება თუ მოხდება, ეს ისევ ეკონომიკას დაეხმარება და მეწარმეც ხომ უფრო თამამი იქნება გადაწყვეტილებებში?! ეს არის მთავარი [რეფორმა] და შემდეგ არის დანარჩენი - სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღება და ა.შ.
- და მაინც, ეკონომიკაში დაზღვევის სექტორის როლის გამოკვეთის ფუნქცია ვინ უნდა იტვირთოს - სექტორის მარეგულირებელმა თუ ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელმა?
- ალბათ უფრო ეკონომიკის სამინისტროსი.... კარგი იქნება, ეკონომიკის სამინისტროსთან უფრო მეტი დისკუსია იყოს ამ თემაზე - რა როლი შეიძლება ვითამაშოთ ეკონომიკაში... ჩვენ მართლა კარგი მარეგულირებელი გვყავს - ის უყურებს კაპიტალის ადეკვატურობას, მომხმარებლის უფლებებს და ა.შ. დაზღვევის სექტორზე მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის გავრცელებაში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის როლი დიდი იყო, მაგრამ ეკონომიკის პერსპექტივიდან [დაზღვევის სექტორის როლის გამოკვეთა] მხოლოდ მარეგულირებელს გაუჭირდება, მას დახმარება სჭირდება.
- თავად დაზღვევის სექტორი საკმარისად აქტიურები ხართ, რომ ეკონომიკაში თქვენი როლი დაანახვოთ სახელმწიფოს?
- სწორი კითხვაა... ხშირად ვფიქრობ, რომ ალბათ არ იქნება სწორი, სულ სხვას ვუყუროთ და ვთქვათ - „იმან რაღაც გაგვიკეთოს“... სულ ვფიქრობთ, ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია. ალბათ არის ცალსახად რაღაც, რასაც ვაკლებთ და არ ვიცით, რას ვაკლებთ... თუმცა ის ზრდა, რაც ბაზარს აქვს, არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სტიმულები არ არსებობს...
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 6 თვეში, კერძოდ, 19-მა სადაზღვევო კომპანიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 802 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც 12.5%-იანი ზრდაა. კომპანიებმა ჯამურად 162 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, უშუალოდ წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11 მილიონით ჩამორჩება.



























