მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი შესაძლებლობაა, ელჩებს ავუხსნათ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს - სამხარაძე EU-ს დემარშზე

6474b1845decd
ინგა მურუსიძე
29.05.23 17:55
571
ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები რუსული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარშს აცხადებენ. ამ წუთებში ისინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ხვდებიან. დემარშს გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.

მისი თქმით, ეს დემარში იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა მთავრობის წარმომადგენლებისთვის, კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას დაწვრილებით ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და რომელსაც აქამდე ატარებდა, რაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ნიშნავს.

„ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება, რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მგონი, პასუხს ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ასევე ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და კანონმდებელს, არის ის, თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხი. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან გაცხადებულ პოლიტიკას, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია, ჩვენმა პარტნიორებმა იციან. ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სანქციების გვერდის ავლა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს არის უპირველესად ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების პოლიტიკა და ჩვენი უსაფრთხოების გატარების პოლიტიკა“, - განაცხადა სამხარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები