ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 31-ე ყოველწლიურ სესიაზე, დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო. დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებული პუნქტებიცაა, რომლებიც აკრიტიკებს „რუსულ კანონს“ და ძალისხმევას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას და მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს უთხრის ძირს.
დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება ანტიდემოკრატიულ კანონთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული სტილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მოიცავს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
„დიდი შეშფოთებით ვუსვამთ ხაზს საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის და სხვა პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებას, რაც ეფექტურად უთხრის ძირს დემოკრატიას, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ამყარებს რეპრესიულ სამთავრობო აპარატს და მიზანმიმართულად აუქმებს მთავრობის პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის მკაფიო და თანმიმდევრულ ნებას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ჰელსინკის დასკვნითი აქტი და ეუთოს სხვა ვალდებულებები“,- წერია დოკუმენტში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა, კანონიერ მომიტინგეებზე და შეამციროს პოლარიზაცია ქვეყანაში.
დეკლარაციაში არის მოწოდება, რომ ეუთომ და ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) იმოქმედონ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის განსავითარებლად.
რეზოლუცია იმეორებს მოწოდებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქართულმა დელეგაციამ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რეზოლუციაში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეუთო-ს არეალში წელს დაგეგმილი ორი ათეული არჩევნებიდან და ამ შემოდგომაზე გასამართი 8 არჩევნებიდან რატომღაც მხოლოდ საქართველოს შემთხვევა გამოიყო და მისი ღირსეულად ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რითაც ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, მისი განზრახ დისკრედიტაცია მოხდა. მან ისიც აღნიშნა, რომ ტყუილია თითქოს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.