ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 31-ე ყოველწლიურ სესიაზე, დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო. 86-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. კერძოდ, გამოთქმულია კრიტიკული შეფასება „რუსული კანონის“ მიღებასთან და საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, რეზოლუცია იმეორებს მოწოდებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ.
საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. დოკუმენტში არის მოწოდება ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ მუშაობაზე, რათა ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოყალიბდეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება არჩევნების დღემდე გამოვლინდეს და ხმის მიცემის დემოკრატიული მთლიანობა შელახოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სწორედ ეს ჩანაწერი გახდა ერთ-ერთი საკითხი, რამაც ქართული დელეგაციის უკმაყოფილება გამოიწვია და საბოლოოდ, საქართველომ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რეზოლუციაში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეუთოს არეალში წელს დაგეგმილი ორი ათეული არჩევნებიდან და ამ შემოდგომაზე გასამართი 8 არჩევნებიდან რატომღაც მხოლოდ საქართველოს შემთხვევა გამოიყო და მისი ღირსეულად ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რითაც ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, მისი განზრახ დისკრედიტაცია მოხდა.