მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური, საფრანგეთი, მალაიზია, არგენტინა - დეპუტატების ვიზიტები “რუსული კანონის“ მიღების შემდეგ

სონღულაშვილი დავითი
10.06.24 13:18
3382

საფრანგეთი, სინგაპური, მალაიზია, არგენტინა - „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, პარლამენტის დეპუტატები არაერთ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულია პრესრელიზები, სადაც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია დელეგაციების შემადგენლობებისა და გამართული შეხვედრების შესახებ.

BMG გეგმავს, ოფიციალურად გამოითხოვოს დეტალური ინფორმაცია როგორც ვიზიტების ხარჯების, ისე მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

იქამდე კი, გთავაზობთ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ზოგად ინფორმაციას დეპუტატების ვიზიტების შესახებ.

საფრანგეთი:

5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში იმყოფებოდა. ის პარიზში, იუნესკოს სათავო ოფისში, გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

„შეხვედრაზე აღნიშნული იყო სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა ახალგაზრდების ცნობიერების და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის. ასევე საუბარი შეეხო ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ახალი ფორმატების დანერგვას საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და ინტეგრაციის მიმართულებით“, - წერია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

უფრო ადრე, 28 მაისს, ელისო ბოლქვაძე კულტურის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ასევე, საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც მათ ლევილში ქართველების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ვიზიტი მალაიზიაში:

6-8 ივნისს იმყოფებოდა ვიზიტით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად მალაიზიასა და სინგაპურში. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევრებს ეწვია. ასევე გამართა საჯარო ლექცია მალაიზიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.

მალაიზიაში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მალაიზიის პარლამენტის ვიცე სპიკერს - რამლი ბინ დატო მოჰდ ნორის და მალაიზიის პარლამენტში ევროპის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და მალაიზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

სინგაპური:

რაც შეეხება სინგაპურს, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევრებს ეწვია. ასევე გამართა საჯარო ლექცია მალაიზიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში.

„ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. განხილვის თემებს წარმოადგენდა რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და დიდი სახელმწიფოების გავლენები, აგრეთვე სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების საკითხები“ - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ვიზიტი არგენტინაში:

არგენტინაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის ხელმძღვანელობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გოჩა ენუქიძე - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხახუბია - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი, ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ კაზალიკაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე - სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არგენტინის რესპუბლიკაში გვარამ ხანდამაშვილმა. დელეგაციის შემადგენლობაში არ წერია, თუმცა გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შეხვედრებს ესწრება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

„არგენტინის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა არგენტინის პალატის დეპუტატებთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფერნანდო იგლესიასსთან, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ატილიო ფრანსისკო სალვადორ ბენედეტისთან, დეპუტატთა პალატაში ახლად შექმნილ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მარია ფლორენსია დე სენსისთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან“, - წერია პარლამენტის პრესსამსახურის პრესრელიზში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა „რუსული კანონი“ 28 მაისს, ხმათა უმრავლესობით მიიღო. მას შემდეგ, პროცედურული დროის გასვლის შემდეგ, 10 დღეში, კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და 3 ივნისიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები