ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებული რეზოლუცია იმეორებს მოწოდებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.
ამასთან, ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში, იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული მახასიათებლების ცვლილებასა და წაშლას, რომელიც რუსეთის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.
დოკუმენტში ასევე გამოთქმულია კრიტიკული შეფასება „რუსული კანონის“ მიღებასთან და საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. არის მოწოდება ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ მუშაობაზე, რათა ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოყალიბდეს.
კრიტიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქართულმა დელეგაციამ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რეზოლუციაში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეუთო-ს არეალში წელს დაგეგმილი ორი ათეული არჩევნებიდან და ამ შემოდგომაზე გასამართი 8 არჩევნებიდან რატომღაც მხოლოდ საქართველოს შემთხვევა გამოიყო და მისი ღირსეულად ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რითაც ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, მისი განზრახ დისკრედიტაცია მოხდა. მან ისიც აღნიშნა, რომ ტყუილია თითქოს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.