მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგი ტენდენციები გვაქვს" - პრემიერი I კვარტალის ტურიზმის სტატისტიკით იწონებს თავს

კობახიძე
17.06.24 11:37
498

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტურიზმის პირველი კვარტალის შედეგებზე ისაუბრა და თქვა, რომ რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ "რუსული კანონთან" დაკავშირებული ვითარების ფონზე, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები საუბრობენ გამოწვევებზე, მათ შორის გაუქმებულ თუ შემცირებულ ჯავშნებზე. ეს საკითხი ტურიზმის სექტორმა ეკონომიკის სამინისტროში 24 მაისს გამართულ შეხვედრაზეც დააყენა.

ამის მიუხედავად, პრემიერი იანვარ-მარტის სტატისტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული ტენდენციები ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველია.

"შემდეგი საკითხი არის ტურიზმი და ავიაცია, სადაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. კვარტალურ ჭრილში რეკორდული შემოსავლები მივიღეთ ტურიზმიდან. ეს იყო 808 მლნ დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით გადააჭარბა. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8%-იანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტალის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს ბაზარზე არსებული ავიაკომპანიების რაოდენობა 2011 წლის მაჩვენებელს შეადარა. მოლოდინებზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ წელს ტურიზმიდან 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის.

„რაც შეეხება ავიაციას, ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი, რაც ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი. ევროპაში კონკრეტულად 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს 38 მიმართულებით, რაც ასევე ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. 2011 წელს მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა საქართველოში. ასევე დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც - მილიონ 400 ათას მგზავრს გადააჭარბა მგზავრთნაკადმა ჩვენს აეროპორტებში.

გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი. წლიურ ჭრილში 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ველოდებით კონკრეტულად ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელი მაჩვენებლის 9%-იანი გაუმჯობესება იქნება. ველოდებით 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, 5,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ძალიან კარგი მონაცემებია ტურიზმის და ავიაციის სფეროში და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ზრდის ტემპები, რისი ძალიან კარგი პერსპექტივებიც არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები