Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ტრადიციას წელსაც აგრძელებს და საკუთარ ბლოგზე 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეკომენდაციებს აქვეყნებს. მილიარდერმა ბიზნესმენმა წელს საზოგადოებას წიგნებთან ერთად, ონლაინ კურსებს, სერიალებსა და ახალ მუსიკასაც ურჩევს.
“სრული განხილვის დასაწერად დრო არ მქონდა, თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენო Netflix-ის სერიალი “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ”. წიგნი წამიკითხავს, რომელიც გასაოცარია და ზოგჯერ, საყვარელი წიგნის ადაპტაციამ, შესაძლოა, იმედები გაგიცრუოს. ამჯერად ასე არ მოხდა - სერიალიც ისეთივე კარგია, როგორც წიგნი”, - წერს ბილ გეიტსი.
ბილ გეიტსის რეკომენდაციებში მოხვდნენ შემდეგი წიგნები:
უჯრედის სიმღერა - ზიდჰარტა მუხერჯი
“ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ყველა ჩვენგანი ხდება ავად. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც ასევე ხდებიან ავად. იმისათვის რომ გავიგოთ, რა ხდება ამ დროს - და ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ, რადგან ყველაფერი გამოსწორდება - უჯრედების შესახებ ცოდნა დაგვეხმარება. მუხერჯის ბოლო წიგნი სწორედ ამ ცოდნას გვაძლევს. ის გვიხსნის, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე ერთუჯრედიანი ორგანიზმებისგან და შემდეგ გვაჩვენებს, რომ თითოეული დაავადება თუ ასაკის მატების თანამდევი პროცესები უჯრედულ დონეზეა დაყვანილი. მუხერჯი, რომელიც ერთდროულად ონკოლოგიცაა და პულიცერის პრიზის მფლობელიც, თავის ყველა უნარს ერთად უყრის თავს ამ ფანტასტიკურ წიგნში”.
სამყაროს დასასრული არ არის - ჰანა რიჩი
“ჰანა რიჩს, ისევე როგორც გარემოსდაცვით სხვა აქტივისტებს, სჯეროდა რომ კაცობრიობის ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში დაიბადა. მაგრამ როდესაც მონაცემების შეგროვება დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ეს ასე სულაც არ არის. შეიძლება საქმე ცუდადაა და იმაზე უარესადაც კი, ვიდრე შორეულ წარსულში, თუმცა თითქმის ყველა საზომით, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. რიჩი ახლა Our World in Data-ს წამყვანი მკვლევარია და წიგნშიც, შეგროვებული მონაცემების დახმარებით, კონტრინტუიუციურ ისტორიას ყვება კლიმატის ცვლილებასა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებიც განკითხვის დღის მსგავს სცენარს მახსენებს. ყველამ, ვისაც სურს კლიმატის ცვლილებაზე სრულად ინფორმირებული დიალოგი გამართოს, ეს წიგნი უნდა წაიკითხოს”.
გამოგონება და ინოვაცია - ვაცლავ სმაილი
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ინოვაციურ ეპოქაში ვცხოვრობთ? ბევრი იტყოდა, რომ კი, თუმცა სმაილი ასე არ ფიქრობს. პირიქით, იგი მიმდინარე ეპოქაში ტექნიკური სტაგნაციისა და განვითარების ტემპის შემცირების “შეუცდომელ ნიშნებზე” წერს. მე მას ამაში არ ვეთანხმები, თუმცა ეს გასაკვირი არცაა - მისი 44-ვე წიგნი წამიკითხავს და არაერთხელ გვისაუბრია ერთმანეთთან. ვიცი, რომ მისი ინოვაციური პროგნოზები ჩემსავით ოპტიმისტური არ არის. თუმცა იმის მიუხედავად, რომ მომავალს ერთნაირად ვერ ვხედავთ, სმაილზე უკეთესად წარსულ მოვლენებს ვერავინ ხსნის. თუ გსურთ იცოდეთ, როგორ მოგვიყვანა ადამიანურმა გამოგონებებმა ამ დრომდე, “გამოგონებასა და ინოვაციას” დიდ რეკომენდაციას ვუწევ.
წიგნების გარდა მილიარდერი ბიზნესმენის რეკომენდაციებში მოხვდა ონლაინ ლექციებიც, კერძოდ, კი ტიმოთი ტეილორის ეკონომიკის ონლაინ კურსები.
ონლაინ კურსების ბევრი ვერსია მინახავს და ტიმოთი ტეილორი ჩემი ერთ-ერთო საყვარელი პროფესორია. Wondrium-ზე მისი სამივე სერია ფანტასტიკურია. “ახალი გლობალური ეკონომიკა” სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკურ ისტორიასა და ბაზრის ფუნქციონირებას გასწავლის. “ეკონომიკები” კი საუკეთესოა ადამიანებისთვის, ვისაც ეკონომიკის პრინციპების ღრმა შესწავლა სურთ. “მოულოდნელი ეკონომიკა” კი ყველაზე ფართო აუდიტორიისათვისაა, რადგან ტეილორი ეკონომიკის პრინციპებს ყოველდღიურ ცხოვრების ასპექტებს, მათ შორის საჩუქრების გაცვლას, ბუნებრივ კატასტროფებს, სპორტსა და სხვა - არგებს”.
დაბოლოს, ბილ გეიტსის წლის ფავორიტებში სადღესასწაულო სიმღერების კრებულიც მოხვდა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
“ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. სადღესასწაულო მუსიკა მიყვარს და ჩემი საყვარელ სიმღერებს თავი ერთად მოვუყარე - კლასიკური და თანამედროვე მუსიკა აშშ-დან და მთელი მსოფლიოდან”.