მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგია დაბალი ფასი, მაგრამ მთავარია წამლის ხარისხი, ეფექტურობა და უსაფრთხოება - ფარმაცევტი

გიორგი დათუკიშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდა, რაც ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფომ განუსაზღვრა ის მაქსიმალური ჭერი, რომლის ზემოთაც წამლის რეალიზაცია აიკრძალა. ამ დროისთვის რეფერენტული ფასი 3000-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება. ბიზნესი ამბობს, რომ 1200 დასახელების მედიკამენტი მწვავე დეფიციტშია, მიზეზი არასწორად გამოთვლილი რეფერენტული ფასია.

ბიზნესისგან განსხვავებით, მთავრობა რეფორმის მიმდინარეობას წარმატებულად აფასებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეების მიერ ჯიბიდან დანახარჯები მედიკამენტებზე 40-45%-ით შემცირდა.

რეფერენტული ანუ სახელმწიფოს მიერ მითითებული საბითუმო და საცალო ფასი შერჩეული რეფერენტული ქვეყნებში მედიკამენტებზე არსებული ყველა ფასის საშუალოს მიხედვით დგება. რეფერენტულ ქვეყნებად ბულგარეთი, მაკედონია, მონტენეგრო და ლატვია როგორც გეოგრაფიული პარამეტრის, ისე ეკონომიკის ზომის მიხედვით შეირჩა. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ამ ქვეყნებშიც კი რეფერენტული ფასის წარმოქმნას წინ უსწრებს სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებით განსაზღვრული თანხა.

ყველა ქვეყანაში, სადაც რეფერენტული ფასი მოქმედებს, თანადაფინანსების თანხაზე მეტი ფასის მქონე მედიკამენტებიც იყიდება. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს თავად დაამატოს კონკრეტული ღირებულება თუ თანადაფინანსების თანხაზე ძვირიანი მედიკამენტის შეძენა სურს, რა უფლებაც საქართველოს მოქალაქეებს წართმეული აქვს.

„ხელმისაწვდომი უნდა იყოს მედიკამენტები ამას მივესალმებით ყველა, მაგრამ ეს ხელმისაწვდომობა ხომ არ არღვევს პრინციპს, რასაც ჰქვია სამკურნალო საშუალების სამი პრინციპი: ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა.

კარგია ფასი, მაგრამ მისი ხარისხი ეფექტურობა და უსაფრთხოება, ესაა მთავარი და მერე ფასი. აუცილებლად უნდა იყოს წამალი ხელმისაწვდომი, მაგრამ ხელმისაწვდომობის მიღწევა სხვა ბევრი მეთოდით არის შესაძლებელი. პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით, საყოველთაოს ფარგლებში სახელმწიფო ფარავს ჯანდაცვაზე მოქალაქეთა დანახარჯებს, მაგრამ წამლის მიმართულებით მოვიკოჭლებთ. არასახელმწიფო ორგანიზაციები ამაში ფულის ეკონომიას აკეთებენ და უკეთესად მართავენ ამ პროცესს.

დღეს ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფასი, თუმცა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენად ეკვივალენტურია ეს წამლები იმათთან, ვინც ბაზრიდან გავუშვით და ბიზნესი, რომელიც რამდენ ხანს გაძლებს ვერ გეტყვით.

ხომ შეიძლება სხვანაირად დავარეგულიროთ ფასი, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და არც მოსახლეობა. ავიღოთ გაერთიანებული სამეფოს მაგალითი, იქ სახელმწიფო ფარავს ყველანაირ ხარჯებს. არსებობს დაზღვევის კომპონენტიც. იქ გგონიათ არ არის ფასები რეგულირებული? რეგულირებულია, მაგრამ ეს ბიზნესს ხელს არ უშლის, ყვავის ფარმაცევტული ბიზნესიც და მოსახლეობაც კმაყოფილია. სადაზღვევო კომპანიების ჩართვა ამ პროცესში იქნება კარგი. არჩევანი ექნება მომხმარებელს, ვისაც უნდა რასაც სადაზღვევო დააფინანსებს იმას იყიდის ან იყიდის სხვას, რომელსაც დაამატებს თანხას. მან გადაწყვიტოს რას იყიდის“, - აცხადებს bm.ge-თან გიორგი დათუკიშვილი, ფარმაცევტი და კონსულტანტი ფარმაცევტული წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები