მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ გვინდა მოსახლეობას იაფად მივაწოდოთ მედიკამენტები, მოდი სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურონ“ - გიორგი დათუკიშვილი

გიორგი დათუკიშვილი

„უფრო ღრმად რომ შეესწავლა ჩვენს მარეგულირებელს როგორ შეემცირებინა ფასი მედიკამენტებზე და მსოფლიო პრაქტიკა აეღოთ, უკეთესი იქნებოდა“,- ამის შესახებ ფარმაცევტი, ფარმაცევტული წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებით კონსულტანტი გიორგი დათუკიშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის შეფასებისას ის ამბობს, რომ ზრუნვა მოსახლეობაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები, მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ საკითხავია, როგორ ჩატარდა ეს რეფორმა.

"ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ბიზნესს არ ელაპარაკება ჩვენი მარეგულირებელი, ისე როგორც მარეგულირებელს შეშვენის. გახსნილი საუბარი უნდა იყოს, მეტი შეხვედრები უნდა იყოს, უნდა იყოს თითოეულ პოზიციაზე მოლაპარაკება და არა ისე, რომ ფასი უნდა იყოს ასეთი და მორჩა“, - აცხადებს დათუკიშვილი.

მისი განმარტებით, მედიკამენტებზე ფასების რეგულირება ფერენეტული ფასთწარმოქმნის დაწესების გარეშეც შეიძლებოდა. მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შესამცირებლად კი შესაძლებელია ამ პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვაც.

„საუბარი იყო, რომ საქართველოში 20-30%-ით ძვირი ღირს წამლები, ვიდრე თურქეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში. ეს 20-30%-ი შეიძლებოდა სხვა რეფორმითაც დარეგულირებულიყო: ფასის წარმოქმნის ჯგუფის შექმნით და სადაზღვევო კომპანიების მეტი ჩართულობით. თუ იაფად გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ მედიკამენტები, მოდი სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურონ. მე, თუ არ ვარ დაზღვეული და თუ არ მომწონს ანაზღაურებადი მედიკამენტი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ფარავს, ვიყიდი სხვას, რაც მე მინდა ან რასაც ექიმი მირჩევს. ჩემი აზრით, უფრო კარგი მიდგომა იქნებოდა, თუ ამ მიმართულებით წავიდოდით.

თვითონ რეფორმას ვეთანხმები. თქვენ გგონიათ ვინმე ეწინააღმდეგება ბიზნესიდან? ჩვენც ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენც ხომ ვართ მედიკამენტების მომხმარებლები, ჩვენც გვინდა იაფად შევიძინოთ. ხომ შეიძლება ისე დარეგულირდეს, რომ მარტივი მაგალითები გადმოვიტანოთ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ეს გზა“,-აცხადებს დათუკიშვილი.

მისი თქმით, სამინისტროს გეგმა, რეფერენტული ფასები დააწესოს მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტების უმრავლესობაზე, მედიკამენტების დეფიციტის რისკს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„ბევრი კომპანია გაკოტრდება. სამწუხაროდ, არავინ სწავლობს რეფორმის შემდგომ რა მოხდა. მე ვურჩევ ჩვენს სამინისტროს შეისწავლოს რამდენი კომპანია გავიდა ბაზრიდან, რომელიც ბიზნესს აწარმოებდა საქართველოში. GMP/GDP რეფორმის შემდეგ, რამდენი კომპანია გავიდა ბაზრიდან, რეფერენტული ფასების შემდეგ რამდენმა კომპანიამ დატოვა ბაზარი და რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

არ მაქვს უფლება კონკრეტული კომპანიის და მისი თანამშრომლის სახელით ვისაუბრო, მაგრამ თუ შეისწავლიან ამას, ნახავენ რა სურათია. ბევრი კომპანიის წარმომადგენლობა გავიდა ბაზრიდან“,-აცხადებს დათუკიშვილი.

რეფერენტული ფასები, რეალიზაციის მაქსიმალური ჭერი მედიკამენტებზე 2023 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ამ ეტაპზე ფასების რეგულირება 3200-სზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები