საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმ მედიკამენტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ხოლო აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
ბაზარზე მედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ შეფასებისთვის BM.GE ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელს ირაკლი მარგველაშვილს დაუკავშირდა. დარგის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა გადაწყვეტის გზა, არა ბაზრის კვლევა, არამედ ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ კანონის შექმნაა. მისივე თქმით, რეფერენტული სისტემა მასში შემავალ მედიკამენტებზეც კი არ არეგულირებს ფასნამატს, ის მხოლოდ საბითუმო გაყიდვის ზედა ზღვარს განსაზღვრავს.
"25 წელზე მეტია ამ დარგში ვმუშაობ და პირველი რაც თვალში მომხვდა და რამაც კითხვა გააჩინა, არის ის, როგორ მოხდა, რომ 10 და 12-თეთრიანი მედიკამენტი 35 ლარად იყიდება. აქ ფასზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ჩნდება მოთხოვნა ასეთ მედიკამენტებზე? დამერწმუნეთ, არ არსებობს დღევანდელ ფარმაციაში იაფი და კარგი ხარისხის მედიკამენტი. როგორ ქმნის ზოგიერთი ფარმაცევტული და დისტრიბუტორი კომპანია მოთხოვნას მედიკამენტებზე, რომლის თვითღირებულება 12 თეთრი გამოდის. პირველ რიგში, კონკურენციის თემების გარდა, ძალიან მნიშვნელოვნადაა გასაუმჯობესებელი ხარისხის კონტროლი. მეორეა - ეთიკური ასპექტი და როგორც ვიცი, სამინისტრო ამაზე მუშაობას გეგმავს, ვგულისხმობ, პოლიფარმაციას, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მედიკამენტებზე, რომელიც ძალიან იაფფასიანია და მომხმარებელი მაინც დიდ თანხას იხდის.
რაც შეეხება კონკურენციის თემას და ერთნაირ ფასებს, ფრამაცევტული კომპანიები, ერთმანეთის ფასებს უყურებენ და წამლების ღირებულებას ასე კორექტირებენ. აუცილებელია, უწყებებმა მოგვცენ კონკრეტული დეტალები, ხმაურიანი ფრაზების მიღმა.
ის, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროცესი და მიმართულება სწორია, ამაში სრულად ვეთანხმებით, მაგრამ საქართველოში მას ბევრი ხარვეზი აქვს, რის გამოსასწორებლადაც ჩვენ ყველა მხარესთან ვთანამშრომლობთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
დარგის წარმომადგენელი მაღალი ფასნამატის პრობლემის გადაჭრაზეც საუბრობს და თლის, რომ პრობლემას რეფერენტული სისტემა ვერ მოაგვარებს, თუ მოდიფიკაცია არ განიცადა
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ფასნამატზეა საუბარი აქ იგულისხმება იმპორტის დროს რა ფასადაც შემოდის და შემდეგ, ქსელში რა ფასადაც იყიდება - ეს ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს და კომპანიას აქვს, რადგან კომერციული საიდუმლოა, მაგრამ რეფერენტული ფასი ფასნამატს არ არეგულირებს, ის მხოლოდ საბითუმო ფასის ზედა ზღვარს საზღვრავს. ანუ, რომელიღაც კონკრეტული მოლეკულა, მე არ შემიძლია გავყიდო 5 ლარზე ძვირად, თუმცა რადგან არავინ მზღუდავს რამდენად ვიყიდი, თუ 5 თეთრად ვიყიდე, ფასნამატი ისევ იქნება კოლოსალური. ფასნამატის პრობლემას რეფერენტული სისტემა ვერ მოაგვარებს, თუ მოდიფიკაცია არ განიცადა. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ ეცდება კომპანიების ნაწილი მაინც, რომ იპოვოს რაც შეიძლება იაფი ბაზრები და შესაბამისი ხარისხის მედიკამენტები, რომ ფასნამატი და მოგების მარჟა არ შეეცვალოთ?
პრობლემის გადაწყვეტის მთავარი გზა ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ ახალი კანონია, რომელიც უკვე დოკუმენტურ დონეზე ქართულ ბაზარზე ნაკლები ხარისხის მედიკამენტი შემოტანის შესაძლებლობას არავის მისცემს. პრობლემები, რომლებიც სამინისტროს განცხადებაშია ნამდვილად არსებობს, მაგრამ სისტემური გადაწყვეტის ერთადერთი გზა კანონის შექმნაა. ჩვენი კანონმდებლობა დღეს მნიშვნელოვნად დასახვეწია.
როცა ვსაუბრობთ, რომ 3000% დარღვევაა, რისი დარღვევაა? კანონში მსგავსი ნორმა არ გვაქვს, ეს არ რეგულირდება. მე არ ვსაუბრობ მორალურ ასპექტზე, სამართლებრივ სივრცე უნდა შეიქმნას, ამის გარეშე ყველაფერი დროებითი ღონისძიებაა", - განაცხადა მარგველაშვილმა BM.GE-სთან.