მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერს საზღვარი აქვს“ - ზაზა ლომინაძე ფარმაცევტულ ბიზნესს

ზაზა ლომინაძე

„ყველაფერს საზღვარი აქვს“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან რიგ წამლებზე დაწესებული მაღალი ფასნამატების შესახებ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას სამინისტრომ იმ მედიკამენტების ნუსხა გაავრცელა, რა შემთხვევაშიც მათი თქმით, ადგილი აქვს სააფთიაქო ქსელებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით წამლების რეალიზაციას.

„გახსოვთ ალბათ, ონკოპაციენტებს ჰქონდათ 15 000-ლარიანი დაფინანსება მედიკამენტებზე. ეს 15 000 ლარი ჰყოფნიდა პირობითად ორ გადასხმას, 3 გადასხმას, როდესაც გავზარდეთ და გავხადეთ დაფინანსება 25 000 ლარი, თან ვალუტის კურსი არ შეცვლილა და იყო მყარი, აღმოჩნდა, რომ 25 000 ლარი აღარ ჰყოფნიდა უკვე იმ 2 გადასხმას. თუკი 15 000 ჰყოფნიდა 25 000 როგორ არ უნდა ჰყოფნოდა?! ამან დაბადა აზრი, თუ რატომ მოხდა ეს. მნიშვნელოვანი ფასნამატი იყო ფარმაცევტული კომპანიების მიერ, ვინც იყვნენ შემომტანები, ამიტომ გახდა საჭირო მიგვეღო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს შეუწყობდა სახელმწიფოსათვის, მთავრობისთვის მიგვეცა პირდაპირი შესყიდვის უფლება.

ყველაფრის ასე გამოყენება არ შეიძლება?! ფარმაბიზნესი არის ფარმაბიზნესი, მნიშვნელოვანი ბიზნესია, მაგრამ ეს არ შეიძლება ადამიანის ჯიბის და ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდეს.

სადაც გაზარდა მომწოდებელმა ფასი, იქ არაფერს ვამბობთ. ვიცით მომწოდებლის ფასი და ვიცით მერე რეალიზაციის ფასი, მაგრამ სადაც არ არის გაზრდილი ფასი და შიდა ბაზარზე ზრდი ურთიერთშეთანხმებით, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი პოზიცია იქნება ერთგვაროვანი.

თუკი მთავრობა და რეგულაციები გიწესებს ამ წესს, ე.ი რაღაც არ არის სწორად, თორემ არავის უხარია ამის გაკეთება. ყველაფერს საზღვარი აქვს, ასე მგონია. ჯანმრთელობის ხარჯზე არ არის ეს სწორი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ე.წ მოგების მარჟა მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, პროდუქტზე იყოს მინიმალური“, - აცხადებს ზაზა ლომინაძე.

არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტროს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მორიგი მოკვლევა დაიწყოს. კონკურენციის სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სააგენტო დეტალურად ეცნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და აღნიშნულ ბაზარზე არსებულ გარემოებებს.

„გონივრული ეჭვის არსებობის დადგენის შემთხვევაში მოკვლევის პროცესს დავიწყებთ“, - აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების პოზიციას, ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

„ყოვლად მიუღებელია და ვგმობთ მსგავს დამოკიდებულებას, როდესაც დაუზუსტებელი, მცდარი ინფორმაციიასა და დაშვებების საფუძველზე ხდება ქვეყნის უმსხვილესი სექტორის წარმომადგენლების დადანაშაულება შეთქმულების თეორიებსა და კარტერულ გარიგებებში. გავრცელებული განცხადება გახლდათ მცდარი და ცილისმწამებლური.

ასოციაციისთვის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულ მედიკამენტებზე, ქსელებში მედიკამენტების შესასყიდ და გასაყიდ ფასთაშორის მარჟა საშუალოდ შეადგენს 3%-დან 30%-მდე და ისინი წარმოადგენენ მინიმალური ბრუნვის (გაყიდვების) მედიკამენტებს“, - აცხადებს ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები