"ეს არის ასე ვთქვათ, საჯარო და კერძო საუბრის ჯანსაღი შედეგი.. ეს გადაწყვეტილება ცალსახად ხელშემწყობი იქნება კერძო სექტორისთვის", - ეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.
საუბარია ე.წ თეთრ სიაზე, რომლის შეცვლასაც "ქართული ოცნების" მთავრობა გეგმავს. ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძე ამბობს, რომ 2029 წლიდან "თეთრ სიასთან" მიმართებით ახალ სისტემაზე მოხდება გადასვლა. ახალი მოდელის თანახმად, "თეთრი სიის" შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით განისაზღვრება, 2029 წლიდან კი ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები "თეთრ სიაში" მოხვდებიან და შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ.
"ყოველთვის არსებობს კეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო კომპანიები. ზოგიერთმა ცოტა ბოროტად ისარგებლა. რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები სისტემის მიმართ. თავიდანვე არ იყო ის სრულყოფილი სისტემა. გაცილებით უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ კარგია რომ პრობლემაც იდენტიფიცირებულია და გადაჭრის გზაზე ერთობლივად მივდივართ", - აცხადებს გიორგობიანი.




























