მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპიის ზღვა&შავი ზღვა&ევროპა - რა პოტენციალი აქვს "მწვანე დერეფნის" განვითარებას

შავი ზღვის კაბელი

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი შესაძლოა ახალი, მწვანე დერეფნის შექმნის საფუძველი გახდეს. შავ ზღვაში წყალქვეშა ელექტრო ხაზის მშენებლობისთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის პარალელურად, ირკვევა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი ტრანსკასპიური წყალქვეშა ხაზის მშენებლობის შესაძლებლობებსაც განიხილავენ.

თუკი ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის აშენება მოხდება ის ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირების ერთიან სისტემას შექმნის.

„ეს იქნებოდა გაზის სამხრეთის დერეფანზე უფრო მსხვილი პროექტი“ - თქვა გასულ კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში, მეორე გლობალურ მედიაფორუმზე ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ და იმ საკმაოდ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიების ათვისების კუთხით ახორციელებს.

სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ უზბეკეთთან და ყაზახეთთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რათა კასპიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის ჩადების შესაძლებლობა შევისწავლოთ. ეს ორივე ქვეყანაც ფლობს ძალიან დიდ პოტენციას აწარმოონ ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან და ამ კუთხით რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა. ასე რომ, თუკი ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვგეგმავთ, ჩვენ გვექნება მწვანე ენერგიის კაბელი რომელიც გაიჭიმება უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით რუმინეთში - ეს პროექტი იქნებოდა გაზის სამხრეთის დერეფანზე უფრო მსხვილი პროექტი, მაგრამ ჩვენ გვინდა თანამშრომლობა და კოორდინაცია“, - თქვა ილჰამ ალიევმა.

ამ გეგმების რეალურ სივრცეში გადმოტანას მისი მოცულობითი ბიუჯეტები და ტექნიკური სირთულე აფერხებს.

რა პოტენციალი აქვს წყალქვეშა კაბელებით შუა აზია - კასპის ზღვა- აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა -რუმინეთის ერთიანი გადამცემი ხაზის შექმნას? - კითხვით BMG -იმ ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილს მიმართა.

„საუკეთესო შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას მინიმუმ 8-10 წელი დასჭირდება“, - ამბობს ენერგეტიკოსი და მაგალითად დანია -ბრიტანეთის მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელი მოჰყავს, რომლის განხორციელებას 10 წელი დასჭირდა. ამ კაბელისგან (სიგრძე 770 კმ) განსხვავებით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უფრო გრძელია (1200 კმ) და სიღრმეც 3-ჯერ მეტი - „ეს გაართულებს პროექტის მშენებლობას. ეს იქნება უზარმაზარი პროექტი, რომელიც გაგრძელდება მრავალი წელი და დასჭირდება დიდი თანხები. ნამდვილად მილიარდი დოლარი ან მეტი“.

არჩილ მამათელაშვილი თვლის, რომ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა და კომერციულად მოგებიანობა ტექნიკურ- ეკონომიკურმა კვლევამ უნდა დაადასტუროს. ამ შემთხვევაში დასათვლელია გაუწევს თუ არა ფასით კონკურენციას წყალქვეშა კაბელით მიწოდებული ელექტროენერგია ევროპაში წარმოებულს.

„აქაც ევროპიდან უნდა იყოს მზაობა, რომ ის ხარჯები, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის იქნება საჭირო, კომერციულად მისაღები იყოს. რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, ვიდრე არ მოხდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რა დაჯდება იმ ელექტროენერგიის წარმოება და ტრანსპორტირება, რომელმაც ძვირად ღირებულ წყალქვეშა კაბელში უნდა გაიაროს. ვფიქრობ, ევროპაში იაფი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება იმდენად იზრდება, რომ ასეთი ტიპის ტრანსპორტირების საშუალებით მიწოდებულ ენერგიას კონკურენციის გაწევის ნაკლები შანსი ექნება“, - ამბობს არჩილ მამათელაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისათვის, საქართველოს მთავარი ამოცანა განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება და თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სახმელეთო გადამცემი ხაზების სიმძლავრის გაძლიერებაა. „უნდა მოხდეს არამხოლოდ სხვისი ენერგიის ტრანზიტი, არამედ საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა“, - მიიჩნევს მამათელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები