ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ნეობანკის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა, ვიაჩესლავ კიმმა, რომელიც ამ ბანკში ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის საქმიანი პარტნიორია, პირადი აქტივების პორტფელი გააფართოვა და ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, Alatau City Bank-ის 100%-იანი წილი შეიძინა. Alatau City Bank-ი, რომელიც ადრე Jusan Bank-ის სახელით იყო ცნობილი, ამ დრომდე, ბიზნესმენ გალიმჟან იესენოვს ეკუთვნოდა.
აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად თებერვალში გავრცელდა, ახლა კი გარიგება საბოლოოდ დასრულდა. როგორც ვიაჩესლავ კიმი ამბობს, Alatau City Bank-ის შესყიდვა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის საფუძველზე ბიზნესმენი ყაზახეთში ფუნდამენტურად ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნას გეგმავს. როგორც თებერვალში ითქვა, ვიაჩესლავ კიმი იმ დროს Jusan Bank-ის სახელით ცნობილ ბანკთან იმ დრომდეც იყო დაკავშირებული.
როგორც მედიაში წერენ, გალიმჟან იესენოვის მიერ Jusan Bank-ის შესყიდვის ოპერაცია თავის დროზე სწორედ მან დააფინანსა. იმ დროს, ვიაჩესლავ კიმის დახმარებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქონებრივი დავა დასრულდა, რომელიც ყაზახეთში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ შეიქმნა. გარიგების თანახმად, ნაზარბაევთან დაკავშირებული ამერიკული ფონდის აქტივები და მათ შორის Jusan Bank-ი სწორედ იესენოვმა გადაიფორმა.
როგორც ვიაჩესლავ კიმი მარეგულირებლისთვის გაგზავნილ წერილში თებერვალში წერდა, ამ გარიგებას Kaspi.kz-ის ოპერირებასთან არანაირი კავშირი აქვს, რადგან ამ მხრივ ორი ბანკი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. Bloomberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ვიაჩესლავ კიმი Alatau City Bank-ის საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებს, ხოლო თავად ბანკი უმეტესწილად უზრუნველყოფილ საცალო და კორპორაციულ სესხებზე, მათ შორის იპოთეკაზე კონცენტრირდება.
ვიაჩესლავ კიმი ყაზახეთის ერთ-ერთი უდიდესი მოქალაქეა, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $7.1 მილიარდად აფასებს. ანტრეპრენიორის ქონების უდიდესი ნაწილი Kaspi.kz-ის აქციებზე მოდის, რომელიც მან ქართველ ანტრეპრენიორთან, მიხეილ ლომთაძესთან ერთად დააფუძნა და დროთა განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნეობანკად აქცია. Kaspi.kz-ის ფასიანი ქაღალდები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ინვესტორები კომპანიას არასრულ $16 მილიარდად აფასებენ.




























