კასპის მუნიციპალიტეტმა ₾6,3 მლნ-ს ღირებულების ობიექტი ჩაიბარა, რომელიც მალევე დაზიანდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა ხარვეზებით მიმდინარეობდა, რამაც ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.
კერძოდ, აუდიტის მიგნებებით, მუნიციპალიტეტმა 6,3 მლნ-ს ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ისე ჩაიბარა, რომ სამუშაოების ნაწილზე დადგენილი ხარისხის მოთხოვნები მიღწეული არ ყოფილა. შედეგად, ობიექტების მდგომარეობა ექსპლუატაციაში შესვლიდან მოკლე პერიოდში გაუარესდა.
დოკუმენტში რამდენიმე კონკრეტული პროექტია დასახელებული, სადაც დაზიანებები გამოვლინდა:
- ქალაქ კასპში №4 სკოლისა და მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზა – 156.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში დაგებული გზა რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანებულია და ფრაგმენტული შეკეთების კვალი ეტყობა.
- სოფელ გუდალეთში სათავე ნაგებობის მილსადენი – პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზიანდა, თუმცა აუდიტის მიხედვით, მისი ფიზიკურად დათვალიერება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
- კასპის მიკრორაიონის დასასვენებელი სკვერი – 142.3 მლნ ლარის ღირებულების ობიექტზე დაზიანებულია მოპირკეთების ფილები, ლამპიონები და სკამები.
- სოფელ თელადგორში სათავე ნაგებობა (ჭაბურღილი) – პროექტზე ასევე გამოვლინდა სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზები.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სისტემა რიგ შემთხვევებში არაეფექტიანად ხორციელდებოდა.
ანგარიშში რამდენიმე ძირითადი პრობლემა არის გამოკვეთილი:
- სუსტი კონტროლი და საპროექტო ხარვეზები – აუდიტის თანახმად, მოქმედი კონტროლის პროცედურები ვერ უზრუნველყოფდა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან. მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, მერიას მიმწოდებლების მიმართ საჯარიმო ღონისძიებები არ გაუტარებია.
- ფორმალური ცვლილებები ხელშეკრულებებში – ხელშეკრულებების პირობებში შეტანილი ცვლილებები ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რამაც შემსყიდველის პირობების გაუარესება და სამუშაოების დაზიანება გამოიწვია.
- ვადების დაუსაბუთებელი ზრდა – აუდიტის მიხედვით, მერიამ 13,744.7 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოებზე დასრულების ვადები არაობიექტური მიზეზებით გაზარდა.
- გადაუხდელი ჯარიმები – ხელშეკრულებების შეწყვეტის ან შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტმა 221.3 მლნ ლარის საჯარიმო თანხების მიღება ვერ უზრუნველყო. ასევე, გეგმა-გრაფიკის არასათანადო კონტროლის შედეგად, სამუშაოების ღირებულება 18.4 მლნ ლარით ზედმეტად ანაზღაურდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს კასპის მუნიციპალიტეტს, შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მკაფიო და მკაცრი პროცედურები.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შესაბამის დოკუმენტში დეტალურად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე პასუხისმგებელი პირები და მათი ფუნქციები. ასევე რეკომენდებულია უკვე განხორციელებულ პროექტებზე დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მათი დროული აღმოფხვრა.




























