მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირაკლი კობახიძე,მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებაზე იზრუნებს. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან საპატრიარქოს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის მუშაობაში.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გამოცხადებულია გლოვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს საღამოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.




























